|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

200 ათასი ბროშურა და 200 ათასი ხატი დარიგდება - რა იგეგმება "წილხვდომილობის" დღისათვის გამოყოფილი 694 000 ლარით?

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხიდან 73 000 ლარი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენების მოსაწყობად გამოიყო. 

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 141 000 ლარი გადაეცა - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ თანხით 12-13-14 მაისს საერთაშორისო კონფერენცია უნდა ჩაატაროს.

გამყოფილი თანხიდან 480 000 ლარი განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს გადაეცა - უწყება შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:

  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველ 50 000 ბროშურას და 50 000 ხატს დაბეჭდავს. საკონსულოები ბროშურებს და ხატებს ემიგრანტებს დაურიგებენ.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დარიგდება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 000 ბროშურა და 150 000 ხატი.
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში და რეგიონებში მოაწყობს ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენას "საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და წმინდანი ქალების როლი" და ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებს ლექციებს.
  • დააფინანსებს სპექტაკლებს, მხატვრული კითხვის საღამოებს, ფოლკლორული ანსამბლის ტურნეებს, კინოჩვენებებს, საჯარო ლექციებს. 
  • მახათას მთაზე გაიხსნება საზეიმოდ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. წირვის შემდგომ ფუნიკულიორზე გაიმართება საზეიმო მიღება. ამ ღონისძიებისთვის მთავრობას 304 852 ლარი აქვს გამოყოფილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა წილხვდომობის დღესასწაული 8 მაისს დაადგინა. შრომის კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის შესახებ პარლამენტს პრემიერმა მიმართა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული.

თავის მხრივ, ამ მოთხოვნით მთავრობას წმინდა სინოდმა მიმართა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება 2018 წლის დეკემბერში მიიღო.

 

ფოტო-არქივიდან

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა