|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

"2008 წლის ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა"

აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის  როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.
გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრ გ.ხ.-ს სულ ერთი თვის წინ შეეზღუდა  საკუთრებით სარგებლობის უფლება. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დაანონსა, საარსებო წყაროებზე - საკუთარ მიწებსა თუ საძოვრებზე წვდომას უზღუდავს გამყოფი ხაზის მოსახლეობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ არცევისა და იკორთის მკვიდრნი კი ომიდან 9 წლის შემდეგაც სრულ იზოლაციაში არიან. 2012 წელს გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ ადგილობრივები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან, თუმცა ვერც ცხინვალის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტების არ ქონის გამო"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი