|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება

8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით „ნიუპრესს“ ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ყოფილი მმართველი რევაზ რობაქიძე ესაუბრა. 

-  8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, ილია ჭავჭავაძე პირველი ქართველი ბანკირია და 8 ნოემბერს ილიას საპატივცემულოდ  2001 წლიდან საქართველოში აღინიშნება ბანკირის დღე.

საქართველოში სწორედ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, 1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე – 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე და მას შესწირა თავისი სულიერი და ფიზიკური ენერგიის უდიდესი ნაწილი.

„ბანკი თავად-აზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს.

ქუთაისი ყოველთვის ითვლებოდა ახალი ეკონომიკური ურთიერთობების, რეფორმების განხორციელების ცენტრად. ასე იყო ზუსტად მე – 19 საუკუნის ბოლოს, როდესაც საგლეხო რეფორმების გატარების შემდეგ, თავადაზნაურობამ გადაწყვიტა მიწისა და სხვა უძრავი ქონების გირავნობის საფუძველზე შექმნილიყო პირველი საადგილმამულო ბანკი. ქუთაისის  ბანკის მაშინდელი მთავარი ბუღალტერი – ივანე პურადაშვილი წერდა: ვინაიდან ბანკის საქმეები კარგად მიდიოდა, ბანკის გამგეობის მიერ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება – 1894 წელს, რომ აეშენებინათ საკუთარი ბინა ბანკისათვის, მანამდის ბანკი მოთავსებული იყო ნაქირავებ ბინაში, ანდრონიკაშვილის სახლში, სობორის მოედანთან.

ახალი ბანკისათვის გამგეობამ შეიძინა მედიცინის დოქტორ სტრუვეს მამული, ახლანდელი პუშკინისა და აკ. წერეთლის  ქუჩების გადაკვეთაზე. ბანკის შენობა კი ააგო მეფის ნაცვლის მიერ დანიშნულმა მაშინდელი ქუთაისის ქალაქის ინჟინერმა სახაროვმა (ამ შენობაში ფუქციონირებდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონალური ფილიალი). 1896 წელს ზუსტად 130 წლის უკან შემოდგომაზე ბანკი გადავიდა ახალ შენობაში. ივანე პურადაშვილი წერს, როგორც ამ ბანკის მთ. ბუღალტერმა ბანკის საძირკველს ჩავატანე – ქართული თეთრი ფული, ერთი ცალი ვერცხლისა, ორ-ორ აბაზიანი. 1996 წელს ბანკის შენობის რეკონსრუქციისას იგევე გავიმეორე ამ სტრიქონების ავტორმა,  როგორც მაშინდელი ეროვნული ბანკის ფილიალის მმათველმა და შენობის საძირკველს ჩავატანე უკვე ახლად მოჭრილი ქართული თეთრების ყველა ნომინალი. გაივლის საუკუნეები,  შეიძლება ეს შენობა აიღონ და  მე–19 და მე–20 საუკუნეებში საძირკველს ჩატანებული მონეტები იპოვნონ, რომელიც ქუთაისის საბანკი ისტორიის მკვლევარებისთვის  ისტორიულ მონეტებად შეფასდება.

ქუთაისის ბანკის ერთ–ერთი მემატიანე საინტერესო ფაქტს გადმოსცემს – ქუთაისის ბანკის თავმჯდომარის კანდიდატურა როცა იხილებოდა ილია ჭავჭავაძემ – აკაკი წერეთლის კანდიდატურა შესთავაზა, რაზეც ნიკო ნიკოლაძემ წინააღმდეგობა გასწია. აკაკის ბანკში თანამშრომლობა წმინდა საციალური უზრუნველყოფის მიზნით იქნა ილიას მიერ შეთავაზებული – განხილვისას თვით აკაკი წამოდგა დარბაზში და თავადაზნაურობა და საზოგადოება გააკრიტიკა – ეჰეი თავადაზნაურნო, ჩემი ბანკის თავმჯდომარეობა არ გამოვა – ნუთუ  ერთი მოანგარიშე ვერ მოძებნეთო". იმ დროისათვის თურმე ბანკირების "მოანგარიშეების" დეფიციტი ყოფილა – დღეს ბანკირების დეფიციტი ნამდვილად არა გვაქვს,  არც საკრედიტო რესურსებისა და სხვა საბანკო პროდუქტების დეფიციტი. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში მე–19 საუკუნის ბოლოს დაწყებული საბანკო ურთიერთობების განვითარების შედეგია, იმ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ საქართველოში საბანკო საქმიანობის დაარსება – განვითარებას ჩაუყარა საფუძველი – ნიკო ნიკოლაძესთან ერთად.

P.S. ბატონ რეზოს  საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის დღეს "დამსახურებული ბანკირის" საპატიო წოდება მიენიჭა. 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა