|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის ძეგლის გადატანა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

9 აპრილის ძეგლის გადატანის სამუშაოები დღეს დაიწყო. ადგილზე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე, რომელიც  ძეგლის გადატანას აპროტესტებს.

"ეს არის ქალაქის მერის უშუალო ინტერესი, გაგრძელება იმ მაფიოზური ქმედების, რომელსაც ადგილი ქონდა "ოქროს ჩარდახთან" კაფის მშენებლობის დროს, ან თუნდაც თეატრთან "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხთან მიმართებაში. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მემორიალური ძეგლის გადატანის. პატივი ვცეთ ავტორის სურვილს, რეზო რამიშვილს რომ ნდომოდა ძეგლის ბულვარში დადგმა, თავიდანვე იქ განათავსებდა", - განაცხადა გია გოქაძემ.

ძეგლის გადატანის სამუშაოებს თვალს ადევნებენ ეროვნული მოძრაობის ის  წარმომადგენლები, რომლებმაც მიმართეს მერიას ძეგლისათვის ადგილის შეცვლის მოთხოვნით. მათი განცხადებით, ახლოვდება 9 აპრილი და ისინი სანთლების დასანთებად  რესტორანში მისვლას არ აპირებენ. 

"9 აპრილის ძეგლი უნდა განთავსდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ყველას შეეძლება ნახვა და პატივგება. ამ ტერიტორიაზე ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ეს ადგილი  გახდა "კორიდორივით" და ძეგლი იკარგება. ქალაქის ბულვარში კი ყველას ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და ყვავილებით შეამკოს. რესტორნის წინ 9 აპრილის ძეგლი, ვფიქრობ, ეს არის გარდაცვლილების შეურაცხყოფა.  ერთადერთი მერი აღმოჩნდა შოთა მურღულია, რომელმაც, როგორც იქნა, მიიღო სწორი გადაწყვეტილება ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით",-განაცხადა ერეკლე ხომერიკმა.

მისი განცხადებით, ძეგლის გადატანის თაობაზე რეზო რამიშვილის ოჯახის წევრებისაგან თანხმობა მიღებული აქვთ.

შეგახსენებთ, 9 აპრილის ძეგლის მიმდებარედ რესტორანი  "პაპავერო" გასულ წელს გაიხსნა.   

მომუმენტი მოქანდაკე რეზო რამიშვილმა სპეციალურად 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ შექმნა. წინა ხელისუფლების დროს,  ძეგლის გადაადგილება ერთხელ უკვე მოხდა.  ძეგლის შეღებვის დროს მოქანდაკე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 

ძეგლის გადატანით სამუშაოებს "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები ასრულებენ. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა