|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ააიპში 42 თანამშრომელი დასაქმდება, ადრე ამ სამუშაოებს 27 თანამშრომელი ასრულებდა"

ქუთაისის მერიის მიერ ახალი ააიპის შექმნას გაუმართლებლად მიიჩნევენ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას განცხადებით, მერიის მტკიცება, თითქოს ააიპის ხარჯები ეკონომიების ხარჯზე შემცირდა, არასწორია, რადგან ხარჯების შემცირება უკვე შეძენილი ნათურების გამო მოხდა.

"ნუ გვატყუებთ, რომ ხარჯები ეკონომიებით შემცირდა, გასულ წელს, მე შოთა მურღულიასთან მქონდა ამ საკითხზე კამათი, თუ რატომ გაიზარდა ამ პროექტის ხარჯები. მურღულია ამტკიცებდა, რომ მათ თანამედროვე დიოდური სანათები შეიძინეს ქალაქისთვის, ამიტომ წელს ხარჯების შემცირება იმიტომ მოხდა, რომ ნათურები უკვე შეძენილია"-განაცხადა გია უკლებამ.

უკლებას მერიაში პასუხობენ, რომ ნათურები მთელი ქალაქისთვის არ იყო შეძენილი. ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისის მერია ახალი ა(ა)იპის ,,ქუთგანათების სერვისის" შექმნით თანხების დაზოგვასა და დარგის ეფექტურად გამართვას გეგმავს".

"ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი"-ს შექმნის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მერია განახორციელებს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციაში. კერძოდ ა(ა)იპის დაფინანსება შეადგენს 3 463 000 ლარს, საიდანაც 1 763 000 ლარი დაიხარჯება მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯის დასაფარად. ძველ დაფინანსებასთან შედარებით აღნიშნული ეკონომია წარმოიქმნება, ახალი LED ტიპის 90 ვ სანათების ჩანაცვლებით.

,,ქუთგანათების სერვისი"-ს სპეცინვენტარი, მომსახურების და არაფინანსური აქტივების ხარჯი შეადგენს 1 700 000 ლარს, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც ხელფასები, ასევე ახალი ტექნიკის შეძენა, პირველი წლის პერიოდში. შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტში ტექნიკის შესაძენად თანხები აღარ გაიწერება, რაც ასევე ეკონომიას ქმნის",-აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის მერია გარეგანათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციას, ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ორგანიზაციის საშუალებით ახორციელებდა, რომელზე ყოველწლიურად 2 400 000 ლარი იხარჯებოდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ამასთან ცალკე მერიის მიერ ხორციელდებოდა გარეგანათებების მიერ მოხმარებული ელენერგიის ხარჯის გადახდა, რომელიც ყოველწლიურად 2 000 000 ლარს აჭარბებდა.

ქუთაისში ახალი სანათების მონტაჟი 2016 წელს დაიწყო და იმ წელს 1500-მდე ახალი დიოდური სანათი დამონტაჟდა. 2017 წლის ივლისში კი 3 850-ის სანათის შეძენა-მონტაჟი მოხდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ "გლობალსერვისი" შეასრულა.

ახალი ააიპში 42 ადამიანი დასაქმედება, რომელთაც შერჩევაც კონკურსის გარეშე მოხდება, ასევე მერის მიერ დაინიშნება ააიპის ხელმძღვანელი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე აცხადებს, რომ ააიპში შტატების გაბერვა მოხდა, რადგან გასულ წლებში ამ სამუშაოებს 27 ადამიანი ასრულებდა. 

"ახალი ა(ა)იპის "ქუთგანათებაში" 42 თანამშრომელი დასაქმდება. მაშინ, როცა, კერძო სტრუქტურის 27 თანამშრომელი ასრულებდა მსგავს სამუშაოს. კორუფციასთან მებრძოლი იმერეთის გუბერნატორი, სუსი და პროკურატურა მომიკითხეთ",-აცხადებს გია გოქაძე.

ქუთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო. ააიპ "ქუთგანათების სერვისი" მერიის გადაწყვეტილებით იქმნება, რომლის ფუნქცია გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. აღნიშნულ სამუშაოებზე გასულ წლებში მერია რამდენჯერმე აცხადებდა ტენდერს, თუმცა მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი მერიამ შეწყვიტა და ააიპი შექმნა.

 

ქუთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის 3 463 000 ლარი გამოყო 

"ტენდერი შეწყდა მას შემდეგ, როცა ვნახეთ, ვინ იყვნენ მონაწილეები"

ქუთაისის მერიამ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი" დაარღვია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა