|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ადამიანები მეტ სიყვარულს საჭიროებენ“

  უყურებ და გგონია, რომ 21 საუკუნის ადამიანი არ არის.  ვაჟი ფშაველას, ან ყაზბეგის რომელიღაც გმირია,  ჩვენს რეალობაში გადმოსული. ტიპური ქართული გარეგნობა, ხმა და გამოხედვა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოსაზრებას. ამბობს კიდეც, რომ მთა უყვარს, ზაფხულის მთა. გიორგი შალამბერიძე მესხიშვილის თეატრის მსახიობია, საზოგადოება ასევე  კარგად იცნობს მის  პოეტურ შემოქმედებას.  

   1980 წლის 3 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. მშობლიური ქალაქი განსაკუთრებულად უყვარს და არასოდეს უფიქრია მისი სამუდამოდ დატოვება.  „მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში დავიბადე, არ მიყვარს ზამთარი. გაზაფხული და ზაფხულია ჩემი დრო. მთა მიყვარს განსაკუთრებით, ზაფხულის მთა, სადაც სულ სხვა თავისუფლებაა.  საშუალო სკოლა ქუთაისში დავამთავრე. შემდეგ ხელოვნების ლიცეუმში სამსახიობო ოსტატობის სრული კურსი გავიარე, ზვიად სვანაძისა და კახაბერ გოგოლაშვილის პედაგოგობით. სწორედ  მათი დამსახურებაა, თეატრში რომ მოვხვდი.  მესხიშვილის თეატრში ჩემი დებიუტი ნუგზარ ლორთქიფანიძის რეჟისორობით რიჩარდ ნეშის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, „წვიმის გამყიდველი“ შედგა. აქ „მოვიწამლე“ თეატრით  და დღემდე ასე გრძელდება“,–აცხადებს გიორგი შალამბერიძე.

შემდეგ იყო  თეატრალური ინსტიტუტი, სადაც  გიორგი შაუტაშვილის ჯგუფში მოხვდა. ითამაშა არაერთი როლი საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში.  შემდგომ ამისა, დაბრუნდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში და არასოდეს უფიქრია მისი დატოვება.

„გულმა ჩემი ქალაქისაკენ გამომიწია, სადაც ჩემი მეგობრები და კოლეგები მელოდებოდნენ. აქედან უკვე არსად წავსულვარ. ეს არის ადგილი, სადაც ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ამ ქალაქს ვემსახურო“.

თვლის, რომ ქუთაისელი მაყურებელი გამორჩეული მის მიერ აღზრდილი არაერთი შემოქმედისა და ხელოვანის დამსახურებით არის.  შეუძლებელიც იყო,  იმ ქალაქის მაყურებელი, რომელიც მთელს ქვეყანას კვებავდა შემოქმედი ადამიანებით, არ ყოფილიყო გამორჩეული შემფასებელი.

„ქუთაისის მაყურებელი ყოველთვის განსხვავებული იყო, აქ არის  პროფესიულად განვითარებული მაყურებელი, რადგან, ეს ქალაქი თავად ზრდიდა ხელოვან და შემოქმედ ადამიანს და ყველა ქალაქი აქ გამოზრდილი ადამიანებით ივსებოდა, რისი დამსახურებითაც  კარგი შემფასებელი  იყო. ზოგად კრიტიკა კარგია, თუ ის  ჯანსაღია, სხვაგვარად ვერ განვითარდები, ამიტომ აუცილებელია, თეატრს ყავდეს მაყურებელი, რომ მან შეაფასოს მსახიობის შემოქმედება“.

ამბობს, რომ მსახიობისთვის ყველა როლი რთულია, რადგან ის უნდა იყოს განსხვავებული ყველა სხვა როლისგან. უნდა მოირგო სხვა ამპლუა და სათქმელი ისე მიიტანო მაყურებლამდე. სხვადასხვა როლის ერთგვაროვან შესრულებას მსახიობის წარუმატებლობად თვლის. ვერ იხსენებს როლს, რომელზეც სირთულის გამო უარი თქვა, ან გაუჭირდა.

გიორგი შალამბერიძე ერთ–ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, რომლებმაც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. დღეს აღარ სურს ამის შესახებ საუბარი, თუმცა აღნიშნავს, ეს იყო დაგროვილი პროტესტი, არა რომელიმე პარტიის, ან ადამიანის მიმართ, არამედ ყველაფრისადმი და რომ თეატრმა ყოველთვის უნდა თქვას  სათქმელი. მისი თქმით, თეატრს აქვს ფუნქცია,  ემსახუროს  მაყურებელს და დაეხმაროს მას სწორის გზის არჩევაში.

გიორგი შალამბერიძის ცხოვრებაში პოეზიას განსაკუთრებული როლი უჭირავს, თუმცაღა,  არ მოსწონს, მთელს მის შემოქმედებას ერთ ლექსთან რომ აიგივებენ.

„“სახლი მინდოდა მქონოდა!“–უკვე აღარ ვკითხულობ ამ ლექსს, რადგან პოეზია არის რამდენიმე ლექსი, კრებული და არა ერთი კონკრეტული. რატომღაც ყველა კითხულობს ამ ლექსს, ატაცებული აქვთ და უყვართ. ამაში  ცუდია არაფერია, მაგრამ ჯობია, ზოგადად, პოეზიაზე  ვისაუბროთ.

არ არსებობს კონკრეტული ლექსი და კონკრეტული სიყვარული, თუ შენ გიყვარს ადამიანი, გიყვარს სამშობლო და მისი ისტორია, ტაძარი, ძეგლი. პოეზია სათქმელია და ის ყველაფერშია, უბრალო გამვლელში, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაგყვეს.  რაც შეეხება კრებულს, მკითხველს ჯერჯერობით ვერ  დავპირდები. არიან ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, დაიბეჭდოს კრებული, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ ადრეა. ამაზე შინაგანი მოთხოვნილებით უნდა იმუშავო. შეკვეთით ვერ დაჯდები და ვერ დაწერ, მაგრამ ამის დროც მოვა“,–ამბობს გიორგი შალამბერიძე.  

მალე ახალ სპექტაკლზე დაიწყებს მუშაობას. თეატრში უკვე გადაანაწილეს როლები გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხეზე“, იანვრიდან კი დაიწყება მუშაობა.

პარალელურად, სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, მისი ორგანიზებით დადგმული ღონისძიება კარგად ახსოვთ ქუთაისში. როდესაც მცირე  სცენა „ფსიქიატრიული რეაბილიტაციის ცენტრის“ ბენეფიციარებს დაუთმო და თავიანთი სათქმელი  მათვე ათქმევინა. ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილება. მაყურებელი ხედავდა ადამიანებს, რომლებიც ჩვენს რეალობაში არიან და მათი დანახვა სულ სხვაგვარადაც შეიძლება, რომ მათაც უყვართ და ტკივათ. ამჯერადაც ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობს, რომლის შედეგსაც მალე წარუდგენენ საზოგადოებას.

„ვეცადოთ მეტად ვიურთიერთობოთ იმ ხალხთან, ვისაც ეს  სჭირდება.  ჩავრთოთ ისინი საზოგადოებრივ აქტივობებში. დავინახავთ, რომ მათ გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ისინი მეტ სიყვარულს საჭიროებენ, რომ მეტად დაგვანახონ თავიანთი სულიერი მდგომარეობა. ამიტომ, მათთან ერთად კიდევ ერთ ღონისძიებას ვამზადებთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად გამოვა“,–აცხადებს გიორგი შალამბერიძე.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა