|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არ შემიძლია, მხოლოდ ერთი საქმე ვაკეთო წყნარად და მშვიდად“

  "ნიუპრესი" აგრძელებს საინტერესო ადამიანების თქვენთვის გაცნობას. ჩვენი  სტუმარი მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიგა მიქაძეა. ის ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. დედა, ნუკრი ჟორჟოლიანი ამავე თეატრის მსახიობია. გიგამ თავისი შესაძლებლობები ხელოვნების სხვადასხვა დარგში სცადა. 

-როდის მიხვდით, რომ მსახიობი უნდა ყოფილიყავით ?

-ფეხი კულისებში ავიდგი და აქ გავიზარდე. 6 წლიდან სცენაზე ვარ, მერვე-მეცხრე კლასიდან საინტერესო და სერიოზულ როლებს ვთამაშობდი, მერე იყო  თეატრალური უნივერსიტეტი...  ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი.

-რომ არა ხელოვანთა ოჯახი და სცენასთან დაკავშირებული ბავშვობა,  რა პროფესიაზე  შეიძლებოდა დაფიქრებულიყავით
-მაინც სცენას დავუკავშირებდი მომავალს. როგორც კი თეატრალური დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ უნდა მემღერა, მყავდა ჩემი როკ-ჯგუფი და ვაპირებდი სცენაზე დარჩენას, შემდეგ ვმუშაობდი ტელევიზიაში და მიმყავდა მამაჩემის საავტორო გადაცემა - ქორეოგრაფიაზე. თუმცა, მაშინ  უსპონსორობის გამო შეწყდა ეს გადაცემა. მქონდა დიდი ალტერნატივა, რომ არა მსახიობი, ვყოფილიყავი მომღერალი. 1996 წელს ყველაფერი მივატოვე და წამოვედი ქუთაისში და მის მერე აქ ვარ, სცენაზე.

-ბევრი როლი გაქვთ ნათამაშები, თუ არის რომელიმე რომელთანაც ყველაზე ახლოს დგახართ?

-ყველა გმირთან მაქვს სიახლოვე, რომელიც მითამაშია.  ადამიანი არ შეიძლება ერთი კონკრეტული ვიღაც იყოს,  ადამიანში ძალიან ბევრი ვინმე არის და მითუმეტეს, როცა მსახიობი ხარ, არ შეიძლება ერთგვაროვანი იყო.   როცა მრავალგვაროვანი ხარ, ამით ხარ საინტერესო და ეს არის ის, რითაც შეგიძლია სცენაზე დგომა.

-ქუთაისი  თბილისთან  შედაებით პატარა ქალაქია,  როგორც მსახიობს  რამდენად მოგეცათ აქ განვითარების  შანსი?

-შეიძლებოდა, თბილისში უფრო წარმატებული და ცნობადი სახე ვყოფილიყავი,  რადგან იქ ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ გახდე ცნობადი. ან შეიძლება, საერთოდ ვერც შევდგარიყავი მსახიობად... ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.
რაც შეეხება განვითარებას, მე ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავი გამოვცადო ყველაფერში და ვიყო აქტიური.  ქორეოგრაფიაშიც გამოვცადე ჩემი თავი, როგორც გითხარით, სიმღერაშიც, ახლა ვცდილობ რეჟისურაშიც ვცადო ბედი.  არასდროს ვისვენებ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მხოლოდ ერთი საქმე  ვაკეთო წყნარად და მშვიდად. მირჩევნია,  საქმით დავიღალო, ვიდრე უსაქმურობით. მიხარია,  რომ საქმე და საზრუნავი მაქვს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც დილით დგებიან და არ იციან, რა აკეთონ. 
ორჯერ მქონდა პერიოდი ცხოვრებაში, როცა არაფერს ვაკეთებდი და ლამის გავგიჟდი. 

-"სევდის საგზალი" თქვენი ბოლო ქორეოგრაფიული ნამუშევარია, კმაყოფილი ხართ შედეგით?

-კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვიმუშავე და აღვადგინე სპექტაკლი, რომელი მიყვარს. არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. უფრო დახვეწილი უნდა იყოს, უფრო სრულყოფილი. რაც უფრო მეტს იმუშავებ, მით უფრო მეტი გინდა და სწრაფვა გაქვს სრულყოფილებისკენ. სპექტაკლის შეფასება შეიძლება მხოლოდ მეექვსე, მეშვიდე წარმოდგენის შემდეგ. მაშინ უკვე ემოციები გაწონასწორებულია და მსახიობებსაც თავისი თავი ნაპოვნი აქვთ სპექტაკლში. 

-როგორც  ქორეოგრაფი, რამე  ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ
-ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ სამომავლოდ.  ალბათ, მალე დავიწყებ ახალ პროექტს, ისევ მიმოდრამაში.  ჯერ ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი მაინც. ვნახოთ, რა  და როგორ იქნება.

-ახალი ობის მსახიობებს როგორ შეაფასებდით
-რასაც ვხედავ და ვაკვირდები, საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. მთელი გულით ვგულშემატკივრობ და ვუსურვებ, უფრო შეამჩნიონ და უფრო ეცალოთ მათთვის, ვიდრე ჩვენ და ჩვენს წინა თაობას ამჩნევდნენ. 

-რა პროფესიულ რჩევას მისცემთ ახალ თაობას
-ვურჩევ, რომ უყვარდეთ თავიანთი საქმე და ბევრი იშრომონ მისთვის. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა