|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა მიშას!- ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ოფისები იხსნება

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, წერეთლის გამზირზე არსებულ საოფისე ფართზე "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერი გაჩნდა. 

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ოფისის საქმიანობის მიზანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება წარმოადგენს.

როგორც გავარკვიეთ, ოფისს თბილისში მცხოვრები ქუთაისელი ექიმი კახა ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს.  ის ადასტურებს, რომ ოფისი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, თუმცა აცხადებს, რომ ეს სამოქალაქო მოძრაობაა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.  

"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებული არის, არჩევნებთანაა დაკავშირებული ზოგადად, ეს არის  სამოქალაქო მოძრაობა "არა მიშას,  არა ნაციონალურ მოძრაობას! აქ ვართ გაერთიანებული მეგობრები, ქუთაისელები, ახლობლები, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გავხსენით ოფისი", - განუცხადა "ნიუპრესს" კახა ჭუმბურიძემ.

 რაც შეეხება საორგანიზაციო  ხარჯებს, ჭუმბურიძის თქმით, ამას თავად გაინაწილებენ. "ბევრი არაფერი, თანხა ჩვენ დავდევით", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, პირველი ასეთი სამოქალაქო აქტივობის ოფისი ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ ე.წ. ზასტავაზე, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში გახსნა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ანალოგიური  ოფისების გახსნა  ქალაქის სხვადასხვა უბნებში იგეგმება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე