|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას!"- აქცია ქუთაისში [VIDEO]

"არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას!", "წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს!"- ამ ლოზუნგებით ქუთაისში ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა აქციით გააპროტესტეს.

სასულიერო პირები, პედაგოგები და სტუდენტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რელიგიური გრძნობების დაცვა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა კომპანია "აიისას" მიერ პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების დატანა შეურაცხყოფად მიიჩნიეს და რელიგიური გრძნობების საკონონმდებლო დონეზე დაცვა მოითხოვეს.

"დღეს პარლამენტთან შევიკრიბეთ, რომ მოვუწოდოთ პარლამენტს,  მიიღოს ისეთი დადგენილება, რომ საქართველოში ქართველი ერის ეროვნული და რელიგიური დისკრიმინაცია არ ხდებოდეს"- განაცხადა სასულიერო სემინარიის ისტორიის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ მურუსიძემ.

"პირველ რიგში მოვითხოვთ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცუის სრულ კონფისკაციას და კომპანიის მუშაობის შეჩერებას. პირადად მე შეურაცხყოფილი ვარ ამ ფაქტით და ჩემმა მამულიშვილობამ გამომიყვანა აქ და გავაგრძელებთ სიწმინდეების დაცვას"-განაცხადა აქციის მონაწილე მუხრან ჩუბინიძემ.

 

აქციას შეუერთდნენ პარტიის "თავისუფალი საქართველო" წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,  აქციები გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი