|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანდიდატების პროგრამები დაიწუნეს

მორიგი შეხვედრა-დისკუსია გაიმართა გორში  ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების თემაზე თვითმმართველობის არჩვნებში მონაწილე ქალი კანდიდატების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

დისკუსია გორის გენდერის მედიაცენტრის და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

გორის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა აუდიტორიას  “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწრობისთვის“  მიერ გავრცელებული არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი გააცნო.   შემდეგ კი აუდიტორიამ მოისმინა გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და შშმ ქალების პრობლემებსა და საჭიროებებს.

კვლევის შედეგების გაცნობას მოჰყვა დისკუსია დასახელებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

,,ჩემი უპირველესი ამოცანა არის ყოფითი პირობები გავუუმჯობესო ხალხს და განსკუთრებით ქალებს. საარჩევნო პროგრამაში ქალთა საჭიროებებიც გვაქვს  ასახული – მშობიარეთათვის, ახლად დაბადებულთათვის და  მრავალშვილიანთათვის (სამი და მეტი შვილის შემთხვევაში) დახმარება,“ - აღნიშნა საარჩევნო ბლოკის ,,სახალსო-ხალხის ერთსულოვნება“ მერობის კანდიდატმა ნანა ხიზანიშვილმა.

,,ჩვენ გვახსოვს რომ 2014 წელს მილიონი ქალი არ მივიდა არჩევნებზე და ეს არის საზოგადოების და პირადად ჩემი პრობლემა.  აქედან გამომდინარე მე ვიმუშავებ იმ კუთხით რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში და თვითმმართველობის არჩვნებმა აჩვენოს ის შედეგი რომ თითოეულ ქალმა,  დაინახოს რომ დაიწყო მისი პრობლემების მოგვარება და თავად მიიღოს ამ პრობლემების მოგვარებაში და ქვეყნის შენებაში მონაწილეობა,“ - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილისა ჯაბახიძემ.

,, ვფიქრობ თვითმმართველობამ უნდა წაახალისოს ისეთი საგანმანათლებლო პროექტები სადაც ახალგაზრდა თაობის და განსაკუთრებით გოგონების ჩართულობა იქნება მაღალი და რომელთა მიზანი იქნება დღეს 21-საუკუნის უნარების განვითარება. მე ძირითად ყურადღებას იმას დავუთმობ, რომ  გოგონები ჩაერთონ განათლების ისეთ მიმართულებებში რომლებიც დღეს ითვლება მამაკაცის პროფესიად. ამით ხელი შეეწყობა იმას რომ ქალთა რესურსი ეფექტურად გამოიყენოს ქვეყანამ და ქალაქმა,“  - განაცხადა ,,ქართულო ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანა ედიშერაშვილმა.

,,თვითმმართველობა ნიშნავს ძალაუფლების გადაცემას ფინანსური უზრუნველყოფით და  უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა მოქალაქე,  იქნება ეს მრავალშვილიანი დედა, შშმ პირი თუ სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოწყალებას კი არ დაელოდება ხელისუფლებისგან და  შემდეგ თავისივე ჯიბიდან ამოღებული ფულით მადლობებს კი არ გადაიხდის, რომ ხელისუფლება დაეხმარა, არამედ  თავისი პრობლემების მართვაში პროგრამული ბიუჯეტით  თვითონ მიიღებს მონაწილეობას და განსაზღვრავს რა როგორ სჯობს. თითოეულ სოციალურ ჯგუფს, თითოეულ მიზნობრივ ჯგუფს, თითოეულ ადგილობრივ თემს უნდა შეხვდეს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი და ადამიანებმა საკუთარი პრობლემის გადაწყვეტაში თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა, ამ ფულით თვითონ უნდა შეიქმნან ცხოვრების პირობები. სანამ მოქალაქეები სხვისი ხელის მაყურებლები იქნებიან, მანამ ჩვენ და სახელმწიფო ვიქნებით გაუცხოვრებულები ერთმანეთთან და არ გვექნება განცდა რომ  ეს ქვეყანა ჩვენია,“ - განაცხადა ,,შენების მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ედიშერაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა დისკუსიის დასასრულს განაცხადა რომ კანდიდატები მოუმზადებლები იყვნენ და ვერ გასცეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხები.

დისკუსია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

 

ავტორი: ნიუპრესი