|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს"

შალვა და ესმა ხეცურიანების ოჯახი ქუთაისში ახლა იმ სახლში ცხოვრობს, რომელშიც საუკუნის წინ ცისფერყანწელთა ორდენი დაფუძნდა. სახლი პაოლო იაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ მან მრავალი ბინადარი გამოიცვალა.  სახლზე მისი ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფაა განთავსებული.

"ეს სახლი არის ჩვენი შეხვედრა ქუთაისთან", - ამბობს შალვა ხეცურიანი და აღნიშნავს, რომ აქ ის ატმოსფერო აღადგინეს, რომელიც მის ბავშვობაში "ჯაჭვის ხიდთან" არსებულ მის სახლში იყო.

   "მარანი ხეცურიანი"-სა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელი შალვა(ბაჩო) ხეცურიანი მიიჩნევს, რომ მის ოჯახზე საუბარი მისი წინაპრებიდან უნდა დაიწყოს, 1860 წლიდან, როდესაც მისი დიდი წინაპარი ლეჩხუმიდან ჩამოვიდა და "ჯაჭვის ხიდთან" დაფუძნდა, მან შეძლო და ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახი შექმნა მე-19 საუკუნის ქუთაისში. 1921 წელს კი ბოლშეკიკებმა მათი ოჯახური ბიზნესი დაასრულეს, ვიდრე 1998 წლამდე, როდესაც შალვა ხეცურიანმა "მარანი ხეცურიანი" აღადგინა.

"19 წელია, ღვინოს ვაწარმოებთ და მთლიანად გაგვაქვს ექსპორტზე, პირველი ძვირადღირებული ღვინო, რომელიც ქვეყნის გარეთ გაიყიდა, იყო "მარანი ხეცურიანი", ყველაფერი ეს დავიწყეთ იმერული და ლეჩხუმური ჯიშებით, ახლა კახური ჯიშებიც დაემატა", -აღნიშნავს ის.

"სადაც უნდა ვიყოთ, ქუთაისი არის ჩვენი ორგანული ნაწილი", -ამბობს შალვა. მისი მეუღლე ესმა ხეცურიანი ინტერიერის დიზაინერია. იაშვილების სახლის შეძენა ესმას იდეა იყო. ხეცურიანებმა სახლში "ცისფერყანწელების" კვალი აღადგინეს.  

  ფოტოზე: სახლი, რომელიც  პაოლო იაშვილის 29 ნომერშია, პაოლოს მამამ ააშენა.

ესმამ და მისმა მეუღლემ სახლი რამდენიმე წლის წინ შეიძინეს, ესმამ სახლის დიზაინი საკუთარ თავზე აიღო; "თითქოს სახლი მელაპარაკებოდა და მთხოვდა გაცოცხლებას" - ამბობს ესმა. სახლში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოჯახები ცხოვრობდნენ, როგორც ესმა ამბობს, ამის გათვალისწინებით, მან  დიზაინში რამდენიმე ეპოქა ერთდროულად ჩაატია.  რესტავრატორების დახმარებით კედლებზე მოხდა  ზედა ფენის გადაცლა და გამოჩნდა ფრანგი მხატვრის მიერ შექმნილი ის მოხატულობა, რომელიც კედლებს მაშინ ქონდა, როდესაც იქ იაშვილები ცხოვრობდნენ.

"სახლი თითქოს მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, სად რა უნდა გამეკეთებინა. ეს ოთახი, ვთქვი, რომ სამზარეულო უნდა ყოფილიყო, როდესაც რესტავრატორებმა ზედა ფენა გადააშორეს, აღმოჩნდა, კედლები სამზარეულოს თემატიკის შესაბამისად იყო მოხატული. დღეს აღდგენილია პირვანდელი სახე და კედლებზე ჩანს მაშინდელი ნახატები - ხოხბები, თევზები, ხილი“, -ამბობს ესმა.

 

სამზარეულოს კედლებზე იაშვილების დროინდელი მოხატულობაა, დიდ ოთახში კი მეოცე საუკუნის დასაწყისის მხოლოდ ერთი კედელია, დანარჩენი კი 30-იან, 50-იან და 70-იან წლებს უკავშირდება. კედელზე  ვირტუალური კარები სარკისგააა შექმნილი. „აქ იყო კარები, საიდანაც მეორე ოთახში გადიოდნენ, სახლის ეს ნაწილი ჩვენ არ გვეკუთვნის, ამიტომ გავაკეთე სარკის კარები, რომლებიც ოთახში მყოფი ადამიანების გამოსახულებებს აირეკლავს, ამ სახლს სხვადასხვა დროს სტუმრობდა პირველი სკოლის მემორიალულ დაფაზე ჩამოთვლილი გამოჩენილი ადამიანების უმრავლესობა,“-აღნიშნავს ესმა.

 

 

იაშვილების დროინდელ კედელზე, როგორც ესმა ამბობს, პროექტორით წარსულის კადრებს აცოცხლებენ და კედლის ფონი ძალიან ბუნებრივად ცოცხლდება კადრებში. 

 "ამ სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა, მათაც ქონდათ უფლება, რომ მათი ისტორიაც დარჩენილიყო, ამიტომ პაოლოს კედელი დავტოვეთ ერთი მხარეს,  კარები, რომელსაც სახელურებად ყანწები აქვს, პაოლოს დროინდელ ფერზე აღდგა. კიბეზე კი, რომელსაც შენობის მეორე სართულზე აყავხარ, არის ფოტო, რომელშიც ჭერი ბავშვებს ხელით უჭირავთ - ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლასის ფოტოა. ამით მინდოდა მეთქვა, რომ ეს ძველი ჭერი უჭირავს ახალ თაობას, ანუ ყველაფერი გრძელდება", - განმარტავს ესმა.

ხეცურიანის ოჯახს ქალაქის განვითარების საკუთარი კონცეფცია აქვს,  რომელიც სამი ძირითადი თემისაგან  შედგება, ესა "არგონავტიკა, ცისფერყანწელები, ღვინო - გასტრონომია".  როგორც შალვა განმარტავს, არგონავტიკისა და ცისფერყანწელების ინსპირაცია ესმასგან მიიღო, რომელსაც თავად  ღვინო-გასტრონომია დაუმატა.  

ცისფერყანწელები, არგონავტების მითი, ეს ის თემებია, რომლითაც ესმა, როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან დაინტერესებული იყო. "რატომაც არა, როდესაც "გუგლის" საძიოებო  სისტემაში სიტყვას "არგონავტები" ჩაწერ,  ქუთაისი უნდა ვარდებოდეს",- ეუბნებოდა ესმა მეგობრებს.  მან თავისი იდეის შესახებ მეგობრებსა და მეუღლეს უამბო.

"ქუთაისი საინტერესო და მდიდარი ტრადიციების ქალაქი იყო, ფაქტია, და ჰქონდა ძარღვი იმისა, რომ საინტერესო მომავალი ჰქონოდა. დღეს არ არის ის,  რაც უნდა იყოს და რადაც შეუძლია იყოს.  ჩემს მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ქალაქისათვის და ვინ როგორც ვხედავთ ქუთაისს. მე ვთქვი, რომ ჩვენს მხარეს ისეთი პოტენციალი აქვს, მითოლოგიიდან გამომდინარე, რომ რატომაც არა, გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს, ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ არგონავტების გემი, რომელიც ტიმ სევერინმა ააგო, ჩამოვიყვანოთ და რიონში ჩავსვათ, სადაც რიონის კალაპოტი ფართოა, ხარების ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიებს შორის, ან "თეთრ ხიდთან", სადაც საფეხურებით მდინარეში ჩასასვლელია -"ოქროს ჩარდახთან".  ჩემი იდეა ყველას მოეწონა, ჩემმა მეუღლემ დაიწყო ფიქრი ამ გემის საქართველოში საკუთარი სახსრებით ჩამოყვანასა და ქუთაისისთვის ჩუქებაზე. ჩვენ ამ იდეის შესახებ ვსაუბრობდით ცნობილ მხატვართან, ზურაბ წერეთელთან, რომელიც აღფრთოვანდა ჩვენი მონათხრობით და გვითხრა, რომ არგონავტიკის თემაზე შექმნილ ქანდაკებას გვაჩუქებდა",- ამბობს ესმა ხეცურიანი.

ტიმ სევერინის ექსპედიცია საქართველოში 1984 წელს შემოვიდა, 24 ივლისს, ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში გაიმართა ღონისძიება, სადაც ტიმ სევერინს თეთრ კაბაში გამოწყობილი "მედეა" მიეგება.

შალვა ხეცურიანის თქმით, ესმა გამუდმებით არგონავტების მითის გაცოცხლებაზე საუბრობდა, რითაც თვითონაც დაინტერესდა.  ეს იდეა კონცეფციად აქციეს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია.  არგონავტების და ცისფერყანწელების თემას მან ღვინო-გასტრონომიის თემა დაუმატა, რომელიც მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი "მაგნიტია", რომელიც ქალაქის და მხარის მიზიდულობას გაზრდის. 

 "ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ (ვთავაზობდით 3 წლის წინ და ახლაც მზად ვარ, ეს გავაკეთო), განვახორციელოთ არგონავტიკის კონცეფცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობით. ქალაქის კონკრეტულ ადგილებში ამ მითის 20-მდე სხვა და სხვა გამოხატულება უნდა შეიქმნას, რომელიც მოიცავს ჩვენს ისტორიას, როგორც კოლხეთის, ისე შემდგომი პერიოდის, მათ შორის არქიტექტურულ-სკულპტურული ინსტალაციები, არგონავტიკის ძეგლი, მედეას ბაღები, ღვინის შადრევანი...   ჩვენი ამ იდეის შესახებ ვსაუბრობდით ზურაბ წერეთელთან, რომელმაც გაგვიყვანა და გვაჩვენა არგონავტიკის სამმეტრიანი ქანდაკება - ეს არის მაკეტი,  ქანდაკება 23 მეტრი უნდა იყოს. მან  განაცხადა, რომ ამას გვჩუქნის ჩვენ ქუთაისისთვის.  ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი ხელისუფლება. თუ ამის სურვილი იქნება, ეს ქანდაკება უნდა დაიდგას ქუთაისში და არა სხვა ქალაქში (სხვა ქალაქებსაც აქვთ ამ ქანდაკების დადგმის სურვილი და პრეტენზია), როგორც არგონავტიკის კონცეფციის ნაწილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცეფცია უნდა განხორციელდეს  სრულად და არა მისი ცალკეული ნაწილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მთლიანობა დაირღვევა, ცალკე გემს, ძეგლს, ან ბაღებს ის დატვირთვა არ ექნება, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც არგონავტიკის დედაქალაქის მსოფლიო რუქაზე მონიშვნას", -ამბობს შალვა ხეცურიანი.

მისი თქმით, "ამ კონცეფციის განვითარებისათვის საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ადგილები, ივენთები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განაწილებული, მაგალითად, 4 დღიანი არგონავტიკის ზეიმი, რომელიც დატვირთული იქნება ღონისძიებებით და ნივთები, რომელიც ამ თემას უკავშირდება. ამოცანაა, რომ ქუთაისი დამკვიდრდეს არგონავტიკის დედაქალაქად, მეორე - ცისფერი ყანწების თემა, ეს არის საქართველოსთვის ძალინ მნიშვნელოვანი თემა - მთელი ეპოქა შექმნეს ამ ადამიანებმა...  ამას ემატემა ღვინო-გასტრონომიის თემა, იმერეთს ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი ოჯახიც 1998 წლიდან ჩართულია ამაში", - აღნიშნავს შალვა.

ღვინო მისთვის დაუსრულებელი თემაა, ქართული ღვინოს თემაზე მისი ავტორობით რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ფილმიც გადაიღო, "ღვინის ნულოვანი მერიდიანი", რომელმაც უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება- ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა [VIDEO] 

 

P.S. ხეცურიანებმა თავიანთი იდეის შესახებ საჯაროდ პირველად "ნიუპრესთან" ისაუბრეს, როგორც აღნიშნეს,  მათთვის მნიშვნელოვანია  საზოგადოების აზრი.

 

მსგავსი:

დინოზავრები თეთრ ხიდთან - პროექტი დაპატენტებულია

 

ავტორი: ირინა მაკარიძე