|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფინანსური მაქინაციები "ტოდინში" და დაჭერილი თანამშრომლები

"ავტობანის მშენებლობა შპს „ტოდინს“ არ მიუტოვებია, ის მუშაობას კვლავს გააგრძელებს",- ამის შესახებ „ნიუპრესს“ კომპანიასთან დაახლოებულმა პირმა მიმართა, რომელმაც საკუთარი სახელის დაფიქსირება არ ისურვა. მისი განცხადებით, მშენებლობის დროებითი შეჩერება კომპანიაში მომხდარ ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება, რის გამოც რამდენიმე თანამშრომელი დაიჭირეს, რამდენიმემ კი საქართველო დატოვა.

„კომპანიას, ბოლო სამი თვეა სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა ამის მიუხედავად „ტოდინი“ კვლავ გააგრძელებს მუშაობას. მოხდა თანხების გაფლანგვა, რის გამოც რამდენიმე თანამშრომელი დაიჭირეს, რამდენიმემ ქვეყნის დატოვება მოახერხა. კომპანიაში ამ დროისთვის შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა. "ტოდინი" უახლოეს მომავალში კვლავ გააგრძელებს ავტობანის მშენებლობას",-განუცხადა „ნიუპრესს“ წყარომ.

ავტობანის მშენებლობის შეჩერების გამო რამდენიმე დღის წინ  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ  გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა.  მისი განცხადებით, შპს“ტოდინმა“ ავტობანის მშენებლობა  მიატოვა. წულაიას განცხადებით,  ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე სამუშაოები 3-4 თვეა არ მიმდინარეობს.

შპს“ტოდინში“, ამის შესახებ კომენტარს  ჯერჯერობით არ აკეთებენ.  „ნიუპრესი“ ცდილობს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას. 

შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ტოდინი“ 2012 წლის ნოემბრიდან ასრულებდა.  ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის (ლოტი I) პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77,9 მილიონი ლარი და 20,6 მილიონი ევროა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი