|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები 5 თვის ხელფასს ითხოვენ

სამტრედია-ზესტაფონის  ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღიათ. 

დღეს ავტობანის გაფიცულ თანამშრომლებს გეგუთში, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე შეხვდა. როგორც თევდორაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, სამუშაოების შემსრულებელი ქვეკონტრაქტორი აზერბაიჯანული ფირმა თავადაც ცუდ მდგომარეობაშია და დახმარებას ითხოვს.

დეპუტატის განმარტებით,  აზერბაიჯანული კომპანია „აკორდ ჯორჯია“ არის ტენდერში გამარჯვებული  იტალიური კომპანიის „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორი, რომლისგანაც 9 მილიონი ლარი ეკუთვნის. ამ კომპანიას იტალიური კომპანიისაგან თვეების განმავლობაში არანაირი თანხა არ მიუღია, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ხელფასების გაცემის შეფერხება.

თევდორაძის თქმით, ამის გამო კომპანიის თანამშრომლებს, ზოგს 4, ზოგს კი 5 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი და დახმარებას ითხოვენ.

„აკორდ ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს დავალიანების გადახდას, თუმცა, თავის მხრივ, ის ინფრასტრუქტურის სამინისტროსაგან თანხის მიღებაში დახმარებას ითხოვს.

"კანონის დაშვებულ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ ამ ადამიანების დასახმარებლად. მივმართავთ სახელმწიფოს, დაინტერესდეს ამ პრობლემით და სირაქლემას პოზაში ყოფნას ნუ აგრძელებს. სახელმწიფო არ ერევა, თითქოს ეს არის ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა,  თუმცა, მისი  მოვალეობაა საკუთარი  მოქალაქეების უფლებების დაცვა",- განაცხადა გია თევდორაძემ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე