|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოფარეხში მოწყობილი სამკერვალოდან - გზა წარმატებისაკენ

ქუთაისში ერთსა და იმავე მისამართზე, შესაძლოა, რამდენიმე ახალ ბიზნესის წამოწყების მომსწრე გავხდეთ, რისი მიზეზიც ძირითადად წარუმატებელი სტარტი ხდება, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. 

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც წამოწყებული ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, ქუთაისელი რიტა კვერნაძეა.

რიტა დიზაინერია და როგორც თვითონ განმარტავს, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, დანაზოგი თანხით საკუთარ ავტოფარეხში სამკერვალო  გახსნა.

„როცა სასწავლებელი დავამთავრე, ვიფიქრე, რომ საჭირო იყო საკუთარი საქმე მქონოდა. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი, რომ გამოცდილება დამეგროვებინა. იმ დროისთვის მე თვითონაც მქონდა მცირე დანაზოგი, თუმცა ეს თანხა ჩემი ბიზნესისთვის საკმარისი არ იყო. მეგობარმა მირჩია ბიზნეს იდეა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განმეხორციელებინა. მას შემდეგ, რაც დაფინანსება მივიღე, სამკერვალო საკუთარ ავტოფარეხში გავხსენი“,-აღნიშნა კვერნაძემ.

დიზაინერი ქალის ტანსაცმელს კერავს და როგორც თვითონ განმარტავს, მოთხოვნის გაზრდის საფუძველზე სამკერვალოს უფრო დიდ სივრცეში გადატანას გეგმავს.

„მოთხოვნა დიდია ჩემს პროდუქციაზე, ამიტომ გადავწყვიტე სამკერვალო-შოუ რუმი უფრო დიდ სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომეწყო. ამისთვის შემოსულ თანხასაც ვაგროვებდი და მალე წერეთლის ქუჩაზე საკუთარი სამკერვალო მექნება“,-განაცხადა კვერნაძემ.

როგორც დიზაინერმა "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, წარმატებისათვის მნიშვნელოვანია კარგი რეკლამა.
„წარმატებისთვის აუცილებლია კარგი რეკლამა. სოციალური ქსელის საშუალებით ჩემს ნაწარმს თავადვე ვუკეთებ რეკლამირებას. შემდეგ კმაყოფილი მყიდველი მეორე პოტენციურ მყიდველს უამბობს სამკერვალოს შესახებ და ასე ვრცელდება ამბავი“,-განაცხადა კვერნაძემ.

რიტა კვერნაძემ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გრანტი გასულ წელს მიიღო და ერთი წელია საკუთარ ბიზნესს წარმატებით უძღვება.

  

ავტორი: ხატია ბანძელაძე