|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა ქუთაისელი მთარგმნელი, რომელმაც სამსახური თავად შეიქმნა

ქალაქში არსებული უპერსპექტივობის გამო გადაწყვიტა საკუთარი საქმე და შემოსავალი თავად გაეჩინა. ქართული ენისა და ლიტერატურის და არაბულის სპეციალისტმა გადაწყვიტა ძალები მთარგმნელობით სფეროში მოესინჯა. თავდაპირველად ავტორი და წიგნი თავად შეარჩია, თუმცა საავტორო უფლებების არ ქონის გამო მისი ნაშრომები ვერ დაიბეჭდა. მოგვიანებით გამომცემლობებს დაუკავშირდა. მისი საქმიანობით გამომცემლობა „პალიტრა“ დაინტერესდა და  სტივენგ კინგის რვატომეულის მეოთხე ტომის თარგმნა შეუკვეთა. წიგნზე მუშაობა უკვე დაასრულა.  ანტონ სინატაშვილის მიერ ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია თებერვლის  დასაწყისში თბილისში გაიმართება.

31 წლის ქუთაისელმა მთარგმნელმა ჯერ ჰუმანიტარული ლიცეუმი დაამთავრა, მერე  აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა,  ქართული ენისა და ლიტერატურის და არაბულის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდეგ  მაგისტრატურა საჯარო მმართვეობის განხრით გააგრძელა, თუმცა დასაქმების პრობლემის გამო, გადაწყვიტა, ბედი მთარგმნელობით სფეროში ეცადა.

„გადავწყვიტე, თავად მეპოვა სამსახური და შემოსავალიც. რადგან უცხო ენები ვიცოდი, დავიწყე თარგმნა.  ამ საქმეში ინტერესი თუ არ გაქვს, ცუდია. სამი წლის წინ პირველად სამეცნიერო ფანტასტიკა გადავთარგმნე, არტურ კლარკის „სამოთხის შადრევნები“, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა საავტორო უფლებების გადმოცემა, შემდეგ კინგის თარგმნა გადავწყვიტე.  ორი რომანი გადავთარგმნე, ერთი გადავაგზავნე გამომცემლობა „პალიტრასთან“,  მაშინვე არ მიპასუხეს, მოგვიანებით შემეხმიანნენ და სხვა რომანის გადათარგმნა შემომთავაზეს.  ამ მწერლის „ბნელი კოშკის“ რვატომეულია.  სამი ნაწილი ნათარგმნია, მეოთხე გადავთარგმნე, 880 გვერდია. ძალიან საინტერესოა, იმდენად, რომ დასვენებაც არ მინდოდა, მეგობრები მთავაზობდნენ სადმე გავსულიყავით, მაგრამ უარს ვეუბნებოდი“,–განაცხადა ანტონ სინატაშვილმა.

აქტიური საქმიანობის გამო ცხრათვიანი კონტრაქტი ხუთ თვეში დაასრულდა. წიგნი უკვე მზადაა, გარეკანის დიზაინი ახალგარდა მხატვრის ნათია ზარანდიას მიერ შემუშავდა, წიგნი დასაბეჭდად თურქეთში გაიგზავნა,   პრეზენტაცია კი თებერვლის დასაწყისში მოეწყობა.

ამბობს, რომ წიგნზე მუშაობის დროს აქტიურად თანამშრომლობდა მთარგმნელ ნიკა სამუშიასთან, რომლის მიერაც პირველი სამი ტომია ნათრგმნი. კოლეგისგან მისი საქმიანობის გამო შექება უკვე დაიმსახურა, ახლა ერთობლივად ელოდებიან პრეზენტაციას.  წიგნს რედაქტირება ლალი ჭინჭარაულმა გაუწია. ამბობს, რომ ტერმინოლოგიაც და ზოგადად, წიგნიც მაქსიმალურად არის მიახლოებული დედანთან. ინგლისურენოვანი წიგნების მსგავსად, სურს ძალები რუსულ ლიტერატურაშიც მოსინჯოს, თუმცა შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

ანტონ სინატაშვილის თქმით, გაცილებით რთულია ქართულიდან სხვა ენაზე თარგმნა, ამიტომ ჯერ ამ მხრივ არ მუშაობს, არც პოეზიის თარგმნას აპირებს, რადგან გარდა თარგმნისა,  რთულია რითმის შენარჩუნება. მთარგმნელს ახალ წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და აპირებს, ამ სფეროში აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა.

 

„რთულია ქართულიდან სხვა ენაზე თარგმნა, რადგან ქართულში ისეთი სიტყვებია, ძნელია, მიაახლოვო დედანს. მაგალითად, როგორი ძნელი იქნება ვაჟა–ფშაველას თარგმნა. ვისურვებდი, ჯემალ ქარჩხაძის თარგმნას, მაგრამ ესეც რთულია. თანამედროვე მწერლების თარგმნა უფრო მარტივია. არც პოეზიის თარგმნას ვაპირებ. კინგის ამ წიგნში იყო ლექსები, რაზეც მუშაობა მომიწია, მაგრამ რთულია, ჯერ თარგმნა და თან რითმის მიცემა“, – განაცხადა ანტონ სინატაშვილმა. მთარგმნელს ახალ წიგნზე მუშაობა  უკვე დაწყებული აქვს  და აპირებს, ამ სფეროში აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა.

 მთარგმნელობითი საქმიანობის პარალელურად სურს საჯარო სამსახურში დასაქმდეს, რადგან თვლის, რომ მეტი შესაძლებლობა ექნება კულტურული თუ სხვა პროექტების განსახორციელებლად, წუხს, რომ უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდების გადინება ხდება ქალაქიდან, რომლებიც ქუთაისში არ ბრუნდებიან.

ანტონ სინატაშვილი საზოგადოებამ გასულ წელს გაიცნო, როდესაც ქუთაისში „ბიბლუსი გალერეის“ გახსნის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა, მას დიდი გამოხმაურება და ბიბლიოთეკის უკმაყოფილება მოყვა.  

 აქტიური მკითხველი ქალაქში წიგნების გალერეის გასხნას მოითხოვდა, რადგან თვლის, რომ ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი დაგვიანებით ახლდება.

„თბილისში რომ ვნახე "გალერეა", მომინდა ქუთაიშიც ყოფილიყო, ჯერ ერთი, რომ კარგი სივრცეა, მეორე შეუძლებელია ახლადგამოსული წიგნების ბიბლიოთეკებში ნახვა,  სტივენ კინგის სამი ტომი, რომელიც 2010 წელსაა გამოსული ამ დრომდე არაა ბიბლიოთეკაში“,–განაცხადა ანტონ სინატაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა