|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის ინტერესებშია ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

ქუთაისის მერიის მოთხოვნისა და საკრებულოს მხარდაჭერით ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ტერიტორია შპს „იმედი 7“-ს გადაეცა. ტერიტორიის გადაცემა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. მერიამ გრიშაშვილის N19-ში მდებარე შენობა შპს „იმედი 7“-ის მფლობელს გარკვეული ფართის სანაცვლოდ  ქალაქში თანამედროვე სტანდარტების აუზის მოსაწყობად გაუცვალა. ტერიტორიების გაცვლა 2016 წლის 26 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა.

როგორც "ნიუპრესს" განუცხადეს, ტერიტორიების გაცვლის უკან ქუთაისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესები იყო. წყაროს ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული ფართი კერძო მესაკუთრეს შოთა მურღულიამ და დავით დვალმა ოფიციალური დანამატის გარდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაუცვალეს.

"გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა მერიის ბალანსზე იყო, რომელიც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაიცვალა ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელშეკრულების მიღმა მოახდინეს შეთანხმება და ადგილმონაცველობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულეს. მიზეზი არის ის, რომ გრიშაშვილის ქუჩა გაცილებით მიმზიდველია ინვესტორისთვის, ვიდრე ყოფილი ლიტოფონის ქარხნის ტერიტორია", -განაცხადა წყარომ.

"ნიუპრესი" შეეცადა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარკვევას.  მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ: "ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული იქნა საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მომართვა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსის მშენებლობის თაობაზე. კერძოდ, შეთავაზებული რამდენიმე ტერიტორიიდან, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსის მშენებლობა ა. წერეთლის ქუჩა, ს.ს. „ლითოფონის ქარხნის საზღვრებში“, ფართობით 851.0 კვ.მ. ა. წერეთლის ქუჩა, ს.ს. „ლითოფონის ქარხნის საზღვრებში“ (ნაკვეთი N2), ფართობით 1000.0 კვ.მ. და ა. წერეთლის ქუჩა, ს.ს. „ლითოფონის ქარხნის საზღვრებში“ (ნაკვეთი N3),ფართობით 1579.0 კვ.მმდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს 3430.0 კვ.მ. როგორც გაირკვა, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსის მშენებლობისათვის მინიმალური სტანდარტების დაცვით საჭიროა 4000.0 კვ.მ. მეტი მიწის ნაკვეთი, რაზედაც მოწვეული იქნა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მომიჯნედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „იმედი 7“-ს დირექტორი, რომელმაც თვითმმართველობის ინფორმაციით გამოთქვა მზაობა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქის საკუთრებაში გადაცემისათვის, იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერია შესთავაზებდა სანაცვლო უძრავ ქონებას. შპს „იმედი7“-ს დირექტორის მიერ წარდგენილი იქნა წერილობითი წინადადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, გრიშაშვილის ქუჩა N19-ში მდებარე ქონების მონაცვლეობისა უძრავ ქონებებს შორის არსებული თანხობრივი სხვაობის, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე".

მერიაში განამარტავენ, რომ  მიზანშეწონილად მიიჩნიეს უძრავი ქონებების ურთიერთმონაცვლეობა, ვინაიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრიშაშვილის ქუჩა N19-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აუქციონი გამოცხადებული იქნა რამდენიმეჯერ, თუმცა საბოლოოდ არ შედგა, რადგან უძრავი ქონების შეძენის სურვილი არ გამოუთქვამთ. ამასთანავე, მიუთითებენ, რომ მერიაში შესული იყო ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი განცხადება, რომლითაც აღნიშნავდნენ, რომ ქალაქ ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა N19-ში მდებარე შენობა დაზიანებულია, საფრთხეს უქმნის იქვე მცხოვრებ მოსახლეობას. მერია ამის დასტურად ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს ასახელებს.

როგორც ჩანს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისა და აუზის მშენებლობის მოტივით, 2016 წლის 9 ნოემბრის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „იმედი 7“-ს საკუთრებაში გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა N19-ში მდებარე, 1200.0 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული 917.1 კვ.მ დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობითა და 520.0 ფართობის თანასაკუთრების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული 231.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და სანაცვლოდ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთრებაში გადმოეცა, შპს „იმედი 7“-ს საკუთრებაში არსებული ქუთაისში, ა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე 944.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

 მოხდა თუ არა ტერიტორიების მდებარეობის გათვალისწინებით ღირებულების განსაზღვრა დამატებითი გადასახადებისთვის?- ამ კითხვის პასუხად მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციში ვკითხულობთ:  შპს „იმედი 7-ის“ მიერ 2016 წლის ბოლომდე გადახდილი იქნა ურთიერთგადასაცემი ქონების შეფასებით დადგენილი სხვაობის ღირებულება 260 000 ლარი, მათ შორის ექსპერტის დასკვნების საფუძველზე, დადგენილ გადასახდელ თანხაზე 1 4000 ლარით მეტი.

ქონების გასხვისებისას გრიშაშვილის ქუჩაზე 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 180,0 ლარს, ხოლო - წერეთლის ქუჩაზე 104,0 ლარს.

ხელშეკრულებები დამოუკიდებელმა აუდიტურმა კომპანიამ "კომპადუსი" შეისწავლა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ აუდიტმა რაიმე შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილმონაცვლეობა მოხდა კანონშესაბამისად. მათივე განცხადებით, შინაარსობრივ ნაწილზე საუბარი შეუძლიათ, თუმცა "წყაროს" მიერ გაჟღერებულ აბსურდულ ბრალდებაზე პასუხის გაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.

გრიშაშვილის 19 ნომერში მდებარე შენობა - ნაგებობა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. შენობა, რომელიც თეატრს წლების განმავლობაში ეკუთვნოდა, დავის საგანიც გახდა. თეატრის ხელმძღვანელი ზურა ფხაკაძე ოთხი წლის წინ, საჯაროდ აცხადებდა, რომ შენობა რომელის მერიის ბალანსზე იმყოფებოდა წლების წინ უკანონოდ ჩამოართვეს, რისთვისაც ფხაკაძე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების დასჯას არ გამორიცხავდა და შენობისთვის ბრძოლის დაწყებას აპირებდა.

მოგვიანებით, მერიამ ახალგაზრდულ თეატრს რეპეტიციებისთვის "პრესის სახლის" პირველ სართულზე გარკვეული ფართი გამოუყო, რის შემდეგაც დავა შეწყდა.

ამჟამად, ქუთაისში, გრიშაშვილის ქ.№19-ში მდებარე ტერიტორიაზე 7 - სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. არსებული ინფორმაციით,  შპს „იმედი 7“-ი შენობის მიწისქვეშა პარკირებას მოაწყობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია დარეგისტრირებულია 2016 წლის აგვისტოში ქუთაისში. მისი მფლობელები ხათუნა ტურაბელიძე და ტარიელ ტყაბლაძე არიან. აღსანიშნავია, რომ ტარიელ ტყაბლაძის ოჯახის წევრი არჩილ ტყაბლაძე ქუთაისის მერიაში დასუფთავების განყოფილების უფროსად მუშაობს.

ოლიმპიური სტანდარტების აუზის მოწყობა, რის გამოც ადგილმონაცველობა მოხდა, ამ  დრომდე არ დაწყებულა. ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის დახურული საცურაო აუზის რენდერის მომზადების ელექტრონული კონკურსი განმეორებით გამოცხადდა. პირველ ჯერზე გამოცხადებულ ტენდერში ადგილი მითითებული არ იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი