|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი კანონის გამო ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ბავშვთა პანსიონი დახურა

უკრაინელი მილიარდერი,  ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს,  ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით,  ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა, რისი მიზეზიც  საქართველოს პარლამენტის მიერ  ივნისში მიღებული კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც ყველა არალიცენზირებული საქველმოქმედო დაწესებულების ფუქციონირება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

"ეს კანონი პარლამენტმა საზოგადოებისგან მალულად მიიღო. ეს გაკეთდა ჩუმად, ყველანაირი განხილვის გარეშე და რაც მთავარია, შეჭირვებული ბავშვების საწინააღმდეგოდ, რითაც მათ პრაქტიკულად ნორმალური მომავლის შესაძლებლობა წაართვა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამის გამო აღშფოთებული ვარ!
ყოველდღიურად, ჩვენს ქალაქებში მიუსაფარ, წყალობის მთხოვნელ, მშიერსა და დასვრილ ბავშვებს ვხედავთ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აღმაშფოთებელ ციფრებს ითვლის - დღეს, ათი ათასი ქართველი ბავშვი შიმშილობს. ისინი სკოლაში არ დადიან, თბილ სახლში ცხოვრებისა და ნორმალური ტანსაცმლის ჩაცმის საშუალება არ აქვთ და აი, ასეთ საშინელ რეალობაში, მათი მომავლის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს! ამ შემთხვევაში ვერანაირ რეფორმებზე ვერ ვისაუბრებთ - ეს რეფორმა არ არის, ის არ მუშაობს, რადგან ჩვენი ბავშვები ქუჩაში შიმშილობენ!
თუმცა, ამაზე უარესი ფაქტებიც ხდება. აჭარაში ათობით ბავშვთა სახლი, ეგრეთ წოდებული თურქული პანსიონები არსებობს, ისინი სახელმწიფოს კონტროლის გარეშე ფუნქციონირებენ, მათი მართვა და დაფინანსება საზღვარგარეთიდან ხდება, არავინ იცის რა იდეოლოგიითა და მიმართულებით ზრდიან ბავშვებს. საუბარია უამრავ აჭარელ ბავშვზე, ჩვენს მომავალ თაობაზე, რომელიც 10-15 წელიწადში ჩვენი ქვეყნის სათავეში უნდა ჩადგეს!
ჩვენ მიგვაჩნია, რომ:
1. შესაბამის ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ უნდა მივცეთ თითოეულ იმ ბავშვზე ზრუნვის საშუალება, რომელსაც კვების პრობლემა აქვს და ეს დახმარება არ უნდა შევაფერხოთ.
2. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს; თუ დაფიქსირდა, რომ ბავშვები განსხვავებულ და სახელმწიფოსთვის საზიანო იდეოლოგიით იზრდებიან, უცხოელი დამფინანსებლები და აღმზრდელები მკაცრად უნდა დაისაჯონ და უნდა მოხდეს ქვეყნიდან მათი დაუყოვნებლივ დეპორტირება.
3. ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს რამდენი ბავშვი საჭიროებს ბავშვთა სახლში გადაყვანას და მინისტრმა იმდენი ლიცენზია უნდა გასცეს, რამდენიც საჭირო იქნება. სამინისტრომ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.
პირადად მე, მომხრე ვარ რომ ყველა პანსიონი და შესაბამისი დაწესებულება ლიცენზირებული იყოს, თითოეულ იმ რეფორმას ვემხრობი, რომელიც ჩვენს ბავშვებს დაცვასა და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას უზრუნველჰყოფს, მაგრამ არსებობს ჯანსაღი აზრი, სამართლიანობა, ბოლოს და ბოლოს ღვთის კანონები - როდესაც მსგავს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უპირველეს ყოველისა, ამის შესახებ უნდა გვახსოვდეს!
მე მაინც არ მივატოვებ ამ უბედურ ბავშვებს და და ჩვენი ბავშვთა პანსიონის თითოეულ აღსაზრდელს ღირსეულ სტიპენდიას დავუნიშნავთ! ხოლო, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს - რცხვენოდეთ!", - აცხადებს ჩერნოვეცკი.  

 

ავტორი: ნიუპრესი