|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღიდან მზარეული 4 ნაჭერი თევზის გამო გაათავისუფლეს?

ქუთაისის ახალი ვიცე-მერის მიერ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანებთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მალევე გახდა ცნობილი.

 ბაღების თანამშრომლები დაწესებულებაში გამკაცრებული კონტროლის შესახებ საუბრობენ, რასაც მათი თქმით, ერთ-ერთ ფილიალში თანამშრომლის სამსახურიდან  გათავისუფლება მოყვა. როგორც ცნობილი გახდა, მზარეულს  ჩანთაში თევზის 4 ნაჭერი აღმოუჩნდა.

როგორც ისინი პირად საუბარში აცხადებენ, გია დალაქიშვილმა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ნანა ლორთქიფანიძეს საკმაო მკაცრი გაფრთხილება მისცა, რაც თანხების განკარგვას და შიდა დისციპლინას უკავშირდება. 

არსებული ინფორმაციის თანახმად, გია დალაქიშვილი მას  ჩატარებული ტენდერების შესწავლითაც დაემუქრა, ამასთან განუცხადა, რომ არცერთი საკადრო საკითხი მასთან შეთანხმების გარეშე არ გადაწყდებოდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე "ნიუპრესთან" საუბარში ადასტურებს შეხვედრის შესახებ და აცხადებს, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელსაც გაერთიანების 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი თქმით, მის მიერ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოულოდნელი არ ყოფილა. "ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი ხასიათის, მუშა შეხვედრა.  ბაგა-ბაღების უკეთ გაცნობისათვის შიდა სტრუქტურის და სისტემის უკეთ შესწავლა, ჩვენც მზად ვართ ამისათვის, ბატონ გიას გრაფიკს შევუდგენთ და შევთავაზებთ ჩვენთან ერთად წამოვიდეს, თითოეული ფილიალი ნახოს,  დაათვალიეროს, შემდეგ არსებულ საკითხებზე თუ პრობლემებზე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველასათვის სასურველ შედეგს დადებს", -განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

ნანა ლორთქიფანიძე ასევე ადასტურებს, რომ დალაქიშვილმა შიდა ტენდერებისა და თანხების განკარგვის მიმართ ინტერესი გამოიჩინა: "ეს ბუნებრივია, მივესალმები მის ინტერესს ამ საკითხებთან დაკავშირებით. პიროვნება,  რომელმაც ჩაიბარა ჩვენი სფერო, რა თქმა უნდა, ყველა საკითხით დაინტერესდება", -აცხადებს ის. 

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი #4 ფილიალში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, მისი თქმით, ფაქტი ჯერ მოკვლევის ქვეშაა და გადაწყვეტილება,  გაათავისუფლებენ, თუ არა მზარეულს, მიღებული არაა. ლორთქიფანიძე აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი კონტროლი შიდა მონიტორინგის სამსახურის მიერ ყოველთვის ხორციელდება, თუმცა ამ ფაქტმა გაერთიანების თანამშრომლებს შორის ახლა განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია. 

ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალი შედის. 

ქუთაისის მესამე  ვიცე-მერს გია დალაქიშვილს ააიპების,  საბინაო სამსახურის და მუნიციპალიტეტების კურირება დაევალა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებას უკავშირებს.

"ნიუპრესი" თემასთან დაკავშირებით დაუკავშირდა მერიის პრესსსამსახურს. გია დალაქიშვილის პასუხს შეძლებისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ირინა მაკარიძე