|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩრდილიდან გამოსვლა"- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ქუთაისელი პოლიტიკოსები აფასებენ

როგორც დღეს ცნობილი გახდა, ყოფილი პრემიერი მის მიერ 2011 წელს შექმნილი პარტიის თავმჯდომარე გახდება.  მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხმაურიანი დაპირისპირება პარტიის შიგნით. რას უკავშირდება არაფორმარული მმართველის პოლიტიკაში ღიად დაბრუნება, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ პარტიის შიგნით სიტუაციის დასტაბილურებას? -ამ კითხვით "ნიუპრესმა" ქუთაისელ პოლიტიკოსებს მიმართა

გადაწყვეტილებას იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი თემურ ცამციშვილი.

"ოცნება არ წარმოადგენს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას, მათ ყოველთვის აერთიანებდათ ბიძინა ივანიშვილი და მისი ავტორიტეტი, პარტიას არ ყავს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის არ ყავთ ლიდერები რეგიონებში, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება შეეძლება თავის თავზე და კონკრეტული მიმართულებით წაიყვანენ ქვეყანას. ასეთ მდგომარეობას მიჰყავს ქვეყანა კრიზისამდე და იმ გამოწვევების ფონზეც, რის წინაშეც  ქვეყანა დგას, სამწუხაროდ, ძალიან უსუსურად გამოვიყურებით.  ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს და იძულებულია,  პასუხისმგებლობა გაიზიაროს მისი როლიდან გამომდინარე", -განაცხადა "გირჩის" ქუთისის წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა. 

"ჩრდილიდან გამოსვლას" უწოდებს ივანიშვილის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია. მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს უკავშირდება.

"ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს უნდა ვუწოდოთ არა პოლიტიკაში დაბრუნება, არამედ ჩრდილიდან გამოსვლა. რეალურად, ის კულუარებიდან ყოველთვის მართავდა, ქართულ ოცნებას და ქვეყანას. თუმცა მისი ავანსცენაზე გამოჩენა გამოიწვია არა ქვეყანაში არსებულმა პრობლემებმა, ის, რომ ეკონომიკა უკან მიდის, ადამიანები ღარიბდებიან და ქვეყანა უმძიმესს მდგომარეობაში არის, არამედ მხოლოდ პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა, იმ ფაქტმა, რომ ოცნების ლიდერები ერთმანეთს უკვე საჯარო ეთერში ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, ეს მართლაც მიუთითებს იმას, რომ ივანიშვილისათვის პრიორიტეტი არის არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არამედ პარტიაში მიმდინარე პროცესები. მისი ეს  გადაწყვეტილება განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნებით სურვილით,  ის რომ ქართული ოცნება არ დაიშალოს შეძლოს,  დროებით მაინც, ამ ერთიანობის შენარჩუნება", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

"შენების მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალუდა გოგლიჩიძე კი მიიჩნევს,  რომ ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარე ისაა, რომ დასრულდება არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი.

 "დასრულდება მითქმა-მოთქმა არაფორმალური მმართველობის შესახებ, თუმცაღა ამით შეიცვლება თუ არა რამე თვისობრივად, ძნელი სათქმელია, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის წინაშე პარტიული დემოკრატიის თემა კვლავ გამოწვევად დარჩება, ხოლო ძალაუფლების დელეგირება შეიძლება კიდევ უფრო მეტად გართულდეს, რის გარეშეც შეუძლებელია მართვის სისტემის გაჯანსაღებაზე გვქონდეს საუბარი",-განუცხადა ალუდა გოგლიჩიძემ "ნიუპრესს".

"იმდენჯერ გადის და შემოდის ამ კარში, "ოცნებაში" "სკვაზნოი" დაარტყამთ სუყველას და გაცივდებიან",  - ჩვეული იუმორით აცხადებს გოგი წულაია.

"არასერიოზულია უკვე, წავიდა, თქვა, რომ ჩავაბარე ქვეყანა ისეთ ხალხს, რომ მეოთხე წელიწადი საუკეთესო იქნებაო, ახლა შეხედა, რომ დაქცეულია ქვეყანა, მის პარტიას უკვე გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, არანაირი გაყალბების მეთოდებით... გარანტირებულად გეუბნებით, რომ ის "მეორედ" ვეღარ მოვა, მაგრამ რომც მოვიდეს, ისევ დაიბარებს, აბა, კარგად იყავით, უნდა გავაგრძელო ჩემი ხეების გადარგვაო", -აცხადებს გოგი წულაია.

მისი თქმით, ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, თუმცა არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატურად ივანიშვილის დასახელება მოხდება.

"დაასახელებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუ რომელიმე უნიათოს შემოგვთავაზებს, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ მე მგონია, რომ ფიქრობს, რომ მისი დაბრუნებით "ოცნებას" გაამყარებს.  დაიშალა ოცნება უკვე, აყროლდა, ქვეყანაში დგას "ოცნების" აყროლებული სუნი, ზედაპირზე რასაც ვხედავთ,  არავინ იცის, იმის იქეთ კიდევ რა ბრძოლებია", -აცხადებს გოგი წულაია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.

 არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე კი ივანიშვილის გადაწყვეტილებას საერთაშორისო მოვლენებს უკავშირებს.

"საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ მოხსენებებში სისტემურად მიუთითებენ არაფორმალურ მმართველობაზე და მისგან გამოწვეულ ქვეყნაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა - რუსი დიპლომატების გაძევება, ასადის რეჟიმზე კოალიციის შეტევა და სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა ივანიშვილი, რომ შეცვალოს საკუთარი გეგმები. თუმცა მისი პარტიაში დაბრუნება და ღიად გამოჩენა მას ვერ მისცემს იმის გარანტიას, რომ არ განმეორდება ის პროცესები,  რაც მოხდა სომხეთში. ხვალ თუ ზეგ სომხეთის მსგავსი პროცესები შეიძლება ვიხილოთ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი პარტია მიმართავს, დამარცხებისთვის არის განწირული"-განუცხადა "ნიუპრესს" გია გოქაძემ. 
 
სამაგიეროდ,  ოპტიმისტურად არიან განწყობილი "ქართულ ოცნებაში". ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით,  ექსპრემიერის პარტიის დამფუძნებლის დაბრუნება სწორედ პარტიის გაძლიერებას უკავშირდება. 

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ორგანიზაციის გაძლიერებას უკავშირდება და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვნად სასიკეთოა. კიდევ ერთხელ მივესალმები ამ ნაბიჯს", -აცხადებს "ქართული ოცნების" ქუთაისის  ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე