|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრენდული კომპანიების კანონდარღვევის ფაქტები ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში გახსნილი პირველი ბრენდული სასტუმრო ამ დრომე ქართული წარწერის გარეშე მუშაობს. სასტუმროს სახელწოდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე არის.

"ბესტ ვესტერნი" (best western)  "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით აშენდა. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად 3 აპრილს  გახსნა. 

კომპანიის წარმომადგენლობაში "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებენ, რომ სასტუმროსათვის ქართულენოვანი წარწერა მზადდება და შენობის ფასადზე უახლოეს მომავალში განთავსდება. მათი განცხადებით,  ქართული სახელწოდება თურქეთში არის შეკვეთილი, რის გამოც  მისი განთავსება შეფერხდა.

ინგისურენოვანი წარწერებისათვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევებს არცთუ იშვიათად შეხვდებით ქუთაისში. სასტუმრო "იმპერია"  ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარეობს, მასზე, დატანილია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა ქართულ ენაზე წარწერა მხოლოდ მცირე ზომის აბრაზე შეგხვდებათ, რაც შეეხება ინგლისურ წარწერას ის შენობის კედელზე შორი მანძილიდანაც იკითხება.

 

  

ინგლისური ენას  უპირატესობას ანიჭებენ ტანსაცმლის მაღაზია "კოტონშიც". რამდენიმე სარეკლამო აბრიდან, მხოლოდ ერთი არის ქართულ ენაზე და ისიც მცირე ზომის.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ვალდებულს ხდის  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა კომპანიას რეკლამირება ქართულ ენაზე მოახდინოს.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარწერა განთავსდეს სასურველ  უცხოურ ენაზეც, თუმცა აქაც კანონი უპირატესობას ქართულ ენას ანიჭებს, ამიტომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას. ამ პირობას არღვევენ სასტუმრო "იმპერია" და მაღაზია "კოტონი".

ქართულ ენაზე  რეკლამირების აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იმერეთის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე.

"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე, აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი,"-განმარტავს ლელა  მოწონელიძე.

კანონის თანახმად, აღნიშნულ მოთხოვნათა დაუმორჩილებლობის პირველ შემთხვევაში, დამრღვევ პირებს გაფრთხილება და ერთთვიანი ვადა მიეცემათ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირები 200 ლარით, იურიდიული პირები კი 300 ლარით დაჯარიმდებიან, ვიდრე არ მოხდება ქართულენოვანი წარწერის დამატება.

დამრღვევთა გამოვლენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა. ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონის დაცვა მოეთხოვება ყველა კომპანიას და კანონის ფარგლებში ხდება კონტროლი და გაფრთხილების მიცემა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ რამდენი გამაფრთხილებელი ოქმი გამოიწერა და რამდენი კომპანია დაჯარიმდა, მერიისგან საჯარო ინფორმაციის სახით ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე მოგაწვდით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი