|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცარიელი ბილბორდები არჩევნების მოლოდინში და სარეკლამო ბიზნესი ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში გარე რეკლამის განსათავსებლად ქალაქის უბნებში სხვადასხვა ზომის ბილბორდებია განთავსებული. ბილბორდები მერიის მიერ აუქციონზე რამდენიმე წლით გადის. გამარჯვებული კომპანიები წლების განმავლობაში სარგებლობენ აღნიშნული ადგილებით.

ქალაქში გარე რეკლამების ადგილებისთვის 140 ადგილია. ელექტრონული აუქციონების შედეგად მათზე უფლება 18-მა კომპანიამ მოიპოვა. ბიბლორდების ღირებულება ადგილის და ზომის მიხედვით იცვლება.

აღსანიშნავია, რომ ბილბორდები რეკლამებით დატვირთულია არჩევნების დროს. ძირითადად, მათი მომსახურებით მმართველი პარტიები სარგებლობენ.

ამ დროისთვის ქალაქში არსებული ბილბორდების უმეტესობა რეკლამის მოლოდინშია. სარეკლამო კომპანია „ალფა“ ერთ-ერთია, რომელიც ქალაქში ამ სფეროში  ოპერირებს. ცარიელი ბილბორდების არსებობის მიზეზებს კომპანიის წარმომადგენელი შალვა ძებისაშვილი განმარტავს.

„ახლა ისეთი პერიოდია, რომ რეკლამაზე მოთხოვნა ნაკლებია, მიუხედავად ამისა, ჩვენი ბილბორდების დიდი ნაწილი დატვირთულია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ ქირავნობის პერიოდში  ბანერის ბეჭდვას და განათებას უფასოდ ვთავაზობთ, თუმცა გვაქვს თავისუფალი ადგილებიც.  ზოგ კომპანიას განსხვავებული სტრატეგია და მარკეტინგი აქვს.   კოლეგიალობასაც აქვს ადგილი, როდესაც ერთი  კომპანია ეხმარება მეორეს ადგილის გაყიდვაში, თუ კლიენტს  კონკრეტული ადგილი აინტერესებს. ზოგჯერ ისეა, რომ კომპანიებს ან კერძო პირებს აქვთ აუქციონზე მოგებული ადგილები, რომ შემდეგ თავიანთი რეკლამები განათავსონ, ამიტომ  მხოლოდ კონკრეტული მოტივით არიან ამ სფეროში, რაც განაპირობებს ცარიელი ბილბორდების არსებობას. ზოგჯერ  ქუთაისის ძლიერი ქარი ხდება ბანერის დაზიანების მიზეზი"-აცხადებს შალვა ძებისაშვილი.

მისი თქმით, ზოგადად, ეს სფერო დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკულ მდგომარეობაზე.  "მითუმეტეს, ქუთაისი პატარა ქალაქია და ფინანსური  მდგომარეობაც არაა სახარბიელო,  თუმცა ჩვენ იმედით ველოდებით ზაფხულს,  მაგ დროს უფრო არის დაინტერესება. ამიტომ, რომ არ გვქონდეს ცარიელი ბილბორდები, ვცდილობთ, პატარა ბიზნესებს დავეხმაროთ და მცირე ფასით შევუწყოთ ხელი მათ საქმიანობას,  ვიდრე დიდ რეკლამას ველოდოთ და არაფერი განვათავსოთ"-აღნიშნავს ის.ძებისაშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია ქალაქის ინფრასტრუქტრის მოწესრიგება, რაც თავისთავად ზრდის ამა თუ იმ ადგილას რეკლამაზე მოთხოვნას. 

გარე რეკლამების ადგილები განსაკუთრებით მოთხოვნადი საარჩევნოდ არის. როგორც შალვა ძებისაშვილი აცხადებს, არსებული კანონი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში კომპანიების სარეკლამო ფართების  პარტიებისათვის ერთი თვით დათმობას. მისი თქმით, ამ შეთანხმებით არც ერთი კომპანია არ  ზარალდება და ეს მიღებული ფორმაა სარეკლამო სფეროში.

 შალვა  ძებისაშვილის თქმით,  გარე რეკლამების ბიზნესი მომგებიანია და მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში, თუმცა  ამ სფეროში  მუშაობას გამოცდილება და აგრეთვე დაუღალავი შრომაა საჭირო.

  

 

ქალაქში რეკლამების სიმცირესთან თვითმმართველობის  შემხებლობას გამორიცხავს მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი. პაატა კლდიაშვილის აცხადებს, რომ ქალაში არსებული ბილბორდების გაქირავება მათი მფლობელების პრეროგატივაა და თვითმმართველობის მხრიდან მასში ჩარევა დაუშვებელია.
"რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ბილბორდი დაუტვირთავია, ესეც ბიზნესის მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია და მასთან რაიმე შეხება თვითმმართველობას არ აქვს",-აცხადებს პაატა კლდიაშვილი.
 
საარჩევნო კანონმდებლობა პლაკატების ჩამოხსნას  არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში ითვალისწინებს. პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა პლაკატები კანონშესაბამისად უნდა ჩამოხსნან, თუმცა ქალაქში პლაკატების ჩამოხსნა რამდენიმეთვიანი დაგვიანებით ხდება. კანონდამრღვევთა შორის ხშირად მმართველი პარტია ხვდება. 

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა