|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის ექნება ქუთაისს განვითარების გეგმა?

ქუთაისის გენგეგმისათვის მუშაობა 2018 წლის ბიუჯეტიდან  100 000 ლარით დაფინანსდება, ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია მითითებული.

  განვითარების გეგმის მიღება ქუთაისის არაერთი ხელისუფლების გამოწვევა იყო. გენერალური განვითარების გეგმა  საარჩევნო კამპანიის პირობებში პირველივე დღიდან პრიორიტეტად დაასახელა ქალაქის მომავალმა მერმა. 

„ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქს ჰქონდეს გენერალური განვითარების გეგმა, რაც არ ჰქონდა აქამდე. გენგეგმა მოგვცემს საშუალებას, უსახური შენობები ავაცილოთ ქალაქს...  წელსვე დავიწყებთ მუშაობას გენგეგმის შესაქმნელად.

ამასთანავე გავამკაცრებთ რეგულაციებს თითოეულ სკვერზე, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, სკვერი უნდა იყოს სკვერი. მეტი სკვერი უნდა მიემატოს ქალაქს და ამას გენგეგმა მოგვთხოვს, რადგან იქ გათვლილია მოსახლეობიდან გამომდინარე გამწვანების რამდენი ზოლი უნდა იყოს ქალაქში. ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობა. მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

 ეს იქნება პირველი, რასაც ჩვენ დავიწყებთ მომდევნო წლის ბიუჯეტიდან. გვაქვს ასევე დონორებთან საუბარი, ამაზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ ვრცლად, მაგრამ ის რაც ქალაქს აუცილებლად სჭირდება, რა წინააღმდეგობასაც არ უნდა შევხვდეთ, ჩვენ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად და მათი მხარდაჭერით გავაკეთებთ. გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, შევუნახავთ ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეს, და ასევე იქნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

როგორც აღვნიშნე, თავიდან ავიცილებთ უსახურ შენობებს, და ისეთ პროექტებს, რომელიც პრობლემას უქმნის ქალაქს და მოსახლეობას“–აცხადებდა გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო პერიოდში.

ქუთაისის განვითარების გეგმის იდეა არაერთი მერის პირობებში გაჟღერდა. განვითარების გეგმის მოსამზადებლი წინა პირობა -„2021“  ქუთაისის ყოფილი მერის ინიციატივით მომზადდა. სტრატეგიული განვითარების საშუალოვადიანი გეგმა  რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებს, კომპონენტთა ერთობა კი ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან მოცემულობას ქმნის.  

გენერალური განვითარების გეგმა არის შესაძებლობა ქალაქის გეგმაზომიერი განვითარების, მის მნიშვნელობაზე საუბრობენ არქიტექტორები, ლანდშაპტური დაგეგმარების სპეციალისტები, ეკონომისტები. გეგმის არსებობის პირობებში ქალაქში დაგეგმილი ყოველი მშენებლობა და პროექტი დამატებითი კრიტერიუმებს გაივლის და ვერ გაცდება ჩარჩოებს. გეგმის პირობებში ქალაქს აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს იერსახე.

იმ დროისთვის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი აცხადებდა, რომ გენგეგმა ძვირადღირებული ფუფუნებაა, რომლის სრულყოფილად მომზადებისთვის დაახლოებით 2 მილიონი ლარია საჭირო, რისი შესაძლებლობაც ქალაქს არ აქვს.

რა ვადებში და თანხებში  მოხდება გეგმაზე მუშაობა, მერიაში ჯერ ვერ პასუხობენ. როგორც აღვნიშნეთ, გენგეგმისთვის 2018 წლის ბიუჯეტში გასული წლების მსგავსად, მხოლოდ 100 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გენგეგმაზე მუშაობისთვის საკმარისი არ არის. სავარაუდოდ, ამ თანხას დაემატება გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (Global Environment Facility) მიერ ქუთაისის მერიისათვის 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო პროექტის ფარგლებში დამტკიცებული თანხა. აღნიშნული გრანტის ფარგლებში  ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის მომზადებისათვის  450 ათასი აშშ დოლარია გათვალისწინებული. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა