|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ვის ინტერესში შედის ცხოველთა სასაფლაოს მოსაწყობად გამოყოფილი 6565 კვ.მეტრი ტერიტორია?

გასული წლის ნოემბერში ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საკითხი, რომლის თანახმადაც ააიპ "სპეციალურ სერვისებს" საკუთრებაში 6565 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლების სასაფლაოს მოწყობა იგეგმებოდა.

საკითხს საკრებულოს სხდომაზევე მოყვა უკმაყოფილება. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე აცხადებდა, რომ მერიას ტერიტორია სხვა მიზნებისთვის ჭირდებოდა და ძაღლების თემით საკითხის გადაფარვა მოხდა. თუმცა შენიშვნას არ იზიარებდა და ქუთაისის მერი და აცხადებდა, რომ  ეს ღონისძიება აუცილებლობითაა განპირობებული, რადგან მკვდარი ცხოველების დამარხვა ნაგავსაყრელზე ხდებოდა, რაც კატეგორიულად იკრძალება.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რა სამუშაოები ჩატარდა ადგილზე.

ძაღლების სასაფლაოს ტერიტორია ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მიმდებარედაა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ მიგვასწავლეს, მათი თქმით, არ იციან ზუსტად, სად მოეწყობა სასაფლაო.

როგორც გაირკვა, ადგილზე ერთი წლის განმავლობაში არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობდა.

ააიპ "სპეციალური სერვისების" პრესამსახურის ინფორმაციით, ადგილი, რომელიც თავშესაფარს მიეცა, ფუნქციას 2 თვეში შეიძენს. მათი მოწოდებული ინფორმაციით, იგეგმება ადგილის შემოღობვა. რადგან ტერიტორია დიდია, ამიტომ ნაწილი ცალკე შემოიღობება სასაფლაოსთვის, დარჩენილ ადგილი კი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების საძოვრებისთვის გამოიყოფა.

„ადგილი დიდია, ამხელა ფართობი არა არის საჭირო სასაფლაოსთვის, რადგან ჩვენთან იშვიათად კვდება ცხოველი, აქ არ დაიმარხება ქუჩაში გარდაცვლილი და ნაგვის ურნაში მოხვედრილი ცხოველი, ამიტომ სასაფლაოსთვის მცირე ადგილი გამოიყოფა. მეორე ნაწილი ქუჩაში დაჭერილი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოვლებისთვის არის ზაფხულის საძოვრად, რადგან ზაფხულზე ჩვენ აქ მოყვანილ ცხოველებს თივას ვერ ვაჭმევთ“, – განაცხადეს ააიპში.

"სპეციალური სერვისებისთვის" ტერიტორიის გადაცემას ამ დროისთვისაც გაუმართლებლად თვლის საკრებულის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც საკითხის მიღმა სხვა ინტერესებს ხედავს და აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით დაინტერესებული იყო საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნებობის კომისიის თავმჯდომარე გურამ ტოროშელიძე.

 "არაფერი არ გაკეთდება არჩევნების დასრულებამდე, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, ვის ქონდა ინტერესები. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ არის გურამ ტოროშელიძის ინტერესები.  ეს არის ჩემი ეჭვი, თუ დასაბუთებული ვერსია, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გურამ ტოროშელიძე საკრებულოს წევრი აღარ იქნება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მისი დაინტერესება, რაც შეიძლება მეტი თანხა გადასცემოდა ააიპს. თუ ის არ დასახელდებოდა საკრებულოს დეპუტატად, ალბათ, თავს მოიაზრებდა ააიპში. მე ახლაც ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ის გადავიდეს ააიპში, თუ არა, მისი ინტერესები მაინც რჩება ამ ადგილთან მიმართებაში", -განაცხადა ნატო ქათამაძემ. მან ასევე ტერიტორიის მოცულობასა და ადგილზე საძოვრების მოწყობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. 

"ტერიტორია სასაფლაოსთვის არის დიდი და როდესაც ამას ვამბობდი, ყველა წინააღმდეგი იყო, თუ როგორ ვუპირისპირდებოდი ასეთ ინიციატივას. დღეს ახალ ვერსიას გვთავაზობენ, თურმე საძოვრად მოეწყობა, ეს ვერსია თავიდან არ გაჟღერებულა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბლეფია, რადგან, რა ცხოველი უნდა დაიჭირონ ქუთაისში იმდენი, რომ ამისთვის საძოვრები მოაწყონ. კიდევ ვიმეორებ,  ამ ადგილზე  ბიზნესსაქმიანობა მალე ღიად დაიწყება", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ადგილზე სამუშაოები რომ არ დაწყებულა, ააიპისთვის თანხის გადაუცემლობით ხსნის გურამ ტოროშელიძე და აცხადებს, რომ ნატო ქათამაძის ბრალდება უსაფუძვლოა.

"რა ინტერესები უნდა მქონდეს ამ ადგილზე, ან ააიპთან მიმართებაში? ეს ადამიანი არის არაადეკვატური და არ მესმის ჩემს თავს, ან საზოგადოებას, როგორ ვაკადრო, რომ ქათამაძეს ვუპასუხო. ნატო ქათამაძე ოღასკურას გაყვირის სულ და რა გამოდის, მას ოღასკურაზე აქვს ინტერესი და უნდა რომ მდინარე მიითვისოს?..  რაც შეეხება სამუშაოებს, რა სამუშაოები უნდა დაწყებულიყო? თანხა მივეცით, სამუშაოები რომ დაეწოთ, ამას ხომ თანხები ჭირდება? ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარი არის საუკეთესო ამიერკავკასიასა და ევროპაში. სადაც ვიყავი ყველგან მოვიძიე  თავშესაფარი და მსგავსი თავშესაფარი რაც  ქალაქშია,  არსად შემხვედრია", - განაცხადა გურამ ტოროშელიძემ.

დამატებითი თანხების საჭიროებაზე არაფერი უთქვამს ააიპის პრესსამსახურს, რომელმაც  ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ დამატებითი თანხა არაა აუცილებელი და სამუშაოები ააიპის თანხებით შესრულდება.  

  ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი მიმდინარე წელს გაიხსნა. 300 ძაღლზეა გათვლილი თავშესაფრის მოსაწყობად  200 000 ლარი დაიხარჯა.  მიუხედავად თანამედროვე სტანდარტებისა, მათი საქმიანობა ცხოველთა დაცვის ფედერაციის პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. ცხოველთა დამცველები აცხადებდნენ, რომ ცხოველებს არასათანადოდ უვლიან.  პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის მერი და ადმინისტრაცია კორუფციაში დაადანაშაულა. 

ააიპ "სპეციალური სერვისების" ოფისი ამ დრომდე გუგუნავას ქუჩაზე მდებარეობდა. რამდენიმე ხნის წინ კი ადმინისტრაციამ თავშესაფრის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობა შეიძინა, რომელსაც სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, მოეწყო კაბინეტები, ოთახები თანამშრომლებისთვის, ასევე ააიპმა ტენდერებით სხვადასხვა ინვენტარი შეიძინა, მათ შორის, გორგოლაჭებიანი სკამები, მაგიდები, კომპიუტერის მაგიდები, დივანი და კარადები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი