|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაარღვია თუ არა კანონი საჯარო მოხელემ ქუთაისის თვითმმართველობაში?

ირღვევა თუ არა კანონი საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ სივრცეში პოლიტიკური  პარტიის მხარდამჭერი  ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში?  საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  შეზღუდვა სამუშაო საათებზე ვრცელდება. თუმცა, არასამუშაო საათებში გაზიარებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში დიდხანს რჩება და მისი ხელმისაწვდომა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, მაინც გვხვდება შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეები მაინცდამაინც სამუშაო საათებში კავდებიან  მმართველი პარტიის მხარდამჭერი აგიტაციით.

ქუთაისის  #59 საოლქო საარჩევნო კომისია მაქსიმალურად იყენებს მისთვის მინიჭებულ ვადას და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  გადაწყვეტილების გამოტანას არ ჩქარობს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, მათ გადაწყვეტილების მიღების ვადა ჯერ კიდევ აქვთ: „განცხადება 3 სექტემბერს შემოვიდა და მისი განხილვის ვადა 3 ოქტომბერს იწურება“,-აღნიშნა მან.

საქმე ეხება ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურების მართვის განყოფილების უფროსის ლევან გოგელაშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

შემთხვევა აგვისტოში მოხდა, როდესაც საჯარო მოხელე რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდიდან  სამუშაო საათებში აზიარებდა   „ქართული ოცნების“ სააგიტაციო შინაარსის მატარებელ

ინფორმაციას. 

 

              

საკრებულოს თანამშრომლის მიერ საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევას ადასტურებს „საიას“ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გიორგი სანტურიანის განცხადებით, საჯარო მოხელეს სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება–გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“, – ვკითხულობთ კანონში. აღნიშნული კანონი სოციალური ქსელით აგიტაციასაც კრძალავს.

ლევან გოგელაშვილმა აღნიშნულთან  საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. 

მოგვიანებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციამ სარჩელით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.

"2016 წლის 16, 18, 19 აგვისტოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი სოციალური ქსელის   Facebook-ის საშუალებით, სამუშაო დროის განმავლობაში, ეწეოდა წინასაარჩევო აგიტაციას. კერძოდ, განათავსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი ინფორმაცია"-ნათქვამია საიას განცხადებაში.

ანალოგიური სარჩელით, საიას ქუთაისის ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიას  იმერეთის ვიცე-გუბერნატორის მიერ სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ინფორმაციის გაზიარების ფაქტზეც მიმართა. აღნიშნულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ ფაქტი დარღვევად არ ჩათვალა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, გუბერნატორის მოადგილეს არ გამოუყენებია ოფიციალური გვერდი და მას მითითებული ქმედებით მონაწილეობა არ მიუღია წინასაარჩევნო აგიტაციაში.

გამოიტანს თუ არა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია იმავე გადაწყვეტილებას გოგელაშვილის შემთხვევაშიც, ეს მოკლე ხანში გაირკვევა.

 

P.S.   #59 ქუთაისის საოლქო კომისიამ არგუმენტების არასრულყოფილების მოტივით "საიას" მიერ მომზადებული სარჩელი, რომელიც  ლევან გოგელაშვილის მიერ  საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს უკავშირდებოდა, განუხილველად დატოვა.

 

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე