|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“- პრეზიდენტი ქუთაისში

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება.  ვიზიტი პოლიტიკურზე მეტად კულტურული გამოვიდა. ლექციები, ფორუმები, ფეხბურთი და გასეირნება.

არადა, მოლოდინი მეტი იყო. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ქუთაისის მომავალზე  პრეზიდენტისგან შეფასებას ელოდნენ. 

 პრეზიდენტმა საჯარო ლექციები გამართა ჯერ კადეტთა ლიცეუმში, მეორე დღეს კი, წერეთლის უნივერსიტეტში.  მთავარი მესიჯი, რომელიც მარგველაშვილმა გააჟღერა, საქართველოს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სვლას უკავშირდება.

"წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია. თქვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადეთ. ჩვენ კი საბჭოთა კავშირში და ჩვენ გადავდით ნაბიჯი, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის სულისკვეთება, რაც ჩვენს წინაპრებს ქონდათ. ახლა თქვენს წინაშე დგას უფრო დიდი ამოცანა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა გახადოთ  თავისუფალი“,- განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით,  2016,  საიუბილეო წელი  გამოცხადდა, როგორც  „ევროპული სახელმწიფოს წელი".

 „ჩვენ ეს წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად.  ევროპული ღირებულებები არის ჩვენი  ცხოვრების წესი. ადრე ეს იყო ქრისტიანობის არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა და ამ არჩევანის დაცვა ჩვენ ერს მრავალჯერ მოუხდა“,- აღნიშნა  მარგველაშვილმა.  მისი თქმით, ახლა ეს ხაზი დემოკრატიულ პროცესებზე გადის. მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას.

„არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი, თითქოს ნიშნის მოგებით ამბობენ,  რომ არ მივლენ არჩევნებზე,  ამით ისინი უარს ამბობენ, დაავალდებულონ პოლიტიკოსები, ემსახურონ  მათ,“-განაცხადა  პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ მიიყვანონ მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან.

მარგველაშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან კომენტარი არც ერთ საკითხზე არ გააკეთა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ტრადიციას არ უღალატა და ადგილობრივ ტელევიზიას ეწვია. სწორედ იქ გააკეთა  პოლიტიკურ საკითხებთან  დაკავშირებული კომენტარები.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა ქუთაისის მერი, საერთაშორისო ფესტივალ "არტ ფორუმი ქარავანის" გახსნის ცერემონიალს პრეზიდენტი და მერი ერთად დაესწრენ და ქუთაისის ქუჩებში გაისეირნეს. სხვა ღონისძიებებს პრეზიდენტი მის გარეშე ეწვია.

რატომ არ უმასპინძლა სათანადოდ მურღულიამ მარგველაშვილს, უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად მერს დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, მან ჯერ მუზეუმი, შემდეგ კი, სავაჭრო ცენტრი გახსნა.

მერისგან განსხვავებით, პრეზიდენტს მასპინძლობას ორი დღის განმავლობაში უწევდა იმერეთის გუბერნატორი.  გივი ჭიჭინაძემ მარგველაშვილს ქუთაისი, წყალტუბო, სათაფლია  და გელათი დაათვალიერებინა. ერთად იყვნენ წერეთლის უნივერსიტეტშიც, სადაც  მარგველაშვილმა ქუთაისის პერსპექტივასა და  მის მომავალზე სტუდენტების შეკითხვებს  გასცა პასუხი. თუმცა,  მარგველაშვილის განცხადებამაც ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის  სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა.

„ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული ჭირდება,  ვიდრე ეს არის პარლამენტი. პარლამენტმა ქუთაისში პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოაცოცხლა. ჩემი აზრით, ქუთაისის პერსპექტივა დამყარებული უნდა იყოს იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებთან, რომელიც ხორციელდება  საქართველოში.  როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, მეტად უნდა გააქტიურდეს ლოჯისტიკური ბიზნესი. ქუთაისს აქვს კიდევ ერთი ძალიან მომხიბლავი შესაძლებლობა,  ესაა აეროპორტი. თუ ქუთაისში  განვითარდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა, ეს იქნება ხელსაყრელი", –განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მდებარე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა. მარგველაშვილი კმაყოფილი დარჩა წყალტუბოში განხორციელებული პროექტებით და აღნიშნა, რომ წყალტუბოს განვითარება ხელსაყრელია ქუთაისისთვისაც.

მარგვალაშვილის ვიზიტი ქართული სამოსის გამოფენის ღონისძიებითა და საფეხბურთო მატჩზე დასწრებით დასრულდა. პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან ერთად დავით ყიფიანის თასი თბილისში წაიღო და ქუთაისი დატოვა.

პრეზიდენტის ვიზიტით საპარლამენტო ქალაქი რაიმე შედეგს  არ ელოდება. ქუთაისელებმა მისი ვიზიტი მხოლოდ ტელევიზიით შეიტყვეს და შესაბამისად, არც რაიმე ცვლილების მოლოდინი აქვთ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა