|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გუბერნატორი არათუ დამატებით სამუშაოს, მოვალეობასაც ვერ ასრულებს"-გიგა შუშანია

იმერეთის გუბერნიის ინფორმაციას, რომ ხელფასების ზრდის მიუხედავად, სახელფასო ფონდი არ გაზრდილა, ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება.  გიგა შუშანიას განცხადებით, მტკიცება, რომ იმერეთის გუბერნიის სახელფასო ფონდი არ გაზრდილა, არასწორია, რადგან სახელფასო ფონდი გასულ წელს  394 000 ლარი იყო და ახლა  492 000 ლარი გახდა. 

შუშანია იმერეთის გუბერნიაში სახელფასო მაჩვენებლების ზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ დანამატი ნიშნავს, დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ თანხას. მისი თქმით, იმერეთის გუბერნატორი არათუ დამატებით სამუშაოს, არამედ მოვალეობასაც ვერ ასრულებს, მიუხედავად ამისა, დანამატს იღებს, რომელიც  ახლა ხელფასთან გაერთიანდა და  თვეში 5 900  ლარი შეადგინა.

„დანამატი ნიშნავს დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ თანხას, იმერეთის გუბერნატორი არათუ დამატებით სამუშაოს, არამედ მოვალეობასაც ვერ ასრულებს. მის მოვალეობაში შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი, ვხედავთ, რა დღეშია ქუჩები ქუთაისში, როგორი სიტუაციაა, თუმცა არ გვინახავს იმერეთის გუბერნატორის მოსახლეობას შეხვედროდა და პრობლემები მოესმინა, არც მთავრობის სხდომაზე გამოსულა, მიუხედავად ამისა, ყოველთვე იღებდა დანამატს, რომელიც ახლა ხელფასთან გაერთიანდა. ასევე მას აქვს შესაძლებლობა,  ჯილდოს სახით სახელშეცვლილი პრემია მიიღოს“, -განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

საწინააღმდეგოს  ამტკიცებენ იმერეთის გუბერნიაში. გუბერნიის  აპარატის უფროსის გოჩა გაბუნიას განცხადებით, სახელფასო ფონდი 8 000 ლარით შემცირდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გატარებული ცვლილებით,  ჩამოყალიბდა ახალი სარგოები, თუმცა ზრდა არ აღინიშნება არცერთი პირის მიმართ, რადგან ხელფასი და დანამატი გაერთიანდა. წლიური სახელფასო ფონდი იყო 500 000 ლარი, შემცირდა 8 000 ლარით და 492 000 ლარი გახდა“, -აცხადებს გოჩა გაბუნია. გუბერნიის ინფორმაციით, სახელფასო ფონდი პრემია-დანამატისთვის განკუთვნილი ხარჯით შეივსო.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის გუბერნიაში ერთი ვიცე გუბერნატორის პოსტი გაუქმდა. 

 

 იმერეთის გუბერნიაში სამი მაღალჩინოსნის სახელფასო ცვლილებამ 50 980 ლარი შეადგინა

"ნორმალურ მთავრობას ასეთი გუბერნატორი დიდი ხნის მოხსნილი ეყოლებოდა"

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი