|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ახალი ინიციატივის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრმა კახა კახიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

კახა კახიშვილის განცხადებით, უწყება ახალი მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება.

„ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს - ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ უფრო მათ მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან “, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დასაქმება პენიტენციურ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

კონკრეტული პროექტი, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხებათ აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში და სხვა დეტალები, ახლო მომავალში იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშაობს, ასევე, სწავლობს ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას.

პარალელურად ამისა, იგეგმება პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებისა და დასაქმების ახალი კერების შესაქმნელად, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა.

ამჟამად, პენიტენციურ სისტემაში დასაქმების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ფუნქციონირებს საწარმოები, პურის საცხობები, სამკერვალო, ხის საამქრო, რომელშიც პატიმრები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. მსჯავრდებულები ჩართულნი არიან სამეურნეო სამუშაოებშიც, რომელიც ანაზღაურებადია. ამასთან, მსჯავრდებულები მიკრობიზნესის სტატუსით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიაობას ეწევიან. მათ მიერ დამზადებული ნივთები ონლაინ მაღაზიის www.online.moc.gov.ge-ს მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირად ანგარიშზე ერიცხებათ.

მსჯავრდებულთა დასაქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ხელს უწყობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა