|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგეტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან.
 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაში ჩაერთვებიან. პირველ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო.

„მავნებლის გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შემუშავება და ოპერატიულად განხორციელება. აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ეფექტური გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა უცხოელ სპეციალისტებს მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, ენტომოლოგები დასავლეთ საქართველოს ეწვევიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმას.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მეთხილეობის დარგის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით დაიგეგმება.

ყავისფერი მარმარა ფაროსანას გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.

ავტორი: ნიუპრესი