|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის  ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.  ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, დადგენილი კომპეტენციის  ზღვრები, სწავლის საფასური და სხვა დეტალები. 

ცნობარში ასევე მითითებულია  გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge  და ფეისბუკგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.

ავტორი: ნიუპრესი