|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთნაირად დამაზარალებელი იქნება, როგორც „ოცნების“, ისე სააკაშვილის ერთგული პრეზიდენტი"

ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გაართიანებს ქვეყანას და არ დაყოფს კიდევ სხვადასხვა სეგმენტებად - განაცხადა "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქუთაისში, სადაც თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა საეტაპო მნიშვნელობის ეპოქაში შედის; გეოპოლიტიკური გარემო არაპროგნოზირებადია და ამ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და არა მისი შესუსტება, რაც ახლა ხდება.

მისივე განცხადებით, "შენების მოძრაობა" მზადაა ყავდეს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც, ასეთ შემთხვევაში, თავად იქნება, თუმცა ჯერ ჩართულია კონსულტაციებში.

„ჩვენ არ გვაქვს იდეაფიქსი, რომ მაინცდამაინც ჩვენი კანდიდატი იყოს დასახელებული, მთავარია, პოლიტიკური პლატფორმა იყოს სწორი და სიამოვნებით სხვა კანდიდატსაც  დავუჭერთ მხარს", -განუცხადა მან.

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი უნდა ყავდეს:

"ოპოზიციას რომ ერთიანი კანდიდატი ყავდეს, ეს არც სასურველია და არც შესაძლებელი. ამ ქვეყნისთვის ერთნაირად დამაზარალებელი იქნება,  როგორც „ქართული ოცნების“ , ისე სააკაშვილის ერთგული და რევანშისტურად განწყობილი პრეზიდენტი, რომლის ამოცანა იქნება, რაც  შეიძლება მალე დაასრულოს "ოცნების" მმართველობა და ეს იქნება ერთადერთი პოლიტიკური პრიორიტეტი".

 შეხვედრა ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა