|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

“ეს ჯილდო იმდენად მოულოდნელი იყო, თავიდან ხუმრობა მეგონა“ - რეზი ქაროსანიძე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე  ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად  დასახელდა. 

რეზი ქაროსანიძის თქმით,  ამ წარმატებამ მას მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერა.

ნიუპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს  ახალგაზრდა მსახიობთან.

- საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დასახელდი, რას ნიშნავს ეს შენთვის ? 

- დაჯილდოებაზე არ ვყოფილვარ, ძალიან გვიან მოვიდა შეტყობინება. ეს ჯილდო ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო,  რომ თავიდან ხუმრობა მეგონა. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ   საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდი, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. შეიძლება ტიტულს არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ იმხელა ემოცია  გამოიწვია ამან ჩემში,   ჩემს მეგობრებში,  საახლობლოში, ისეთი სასიამოვნო იყო...  მსგავსი წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, ეს გაძლევს სტიმულს და მოტივაციას გახდე  უკეთესი.

-როგორ მოხდა პროფესიის არჩევა და ხომ არ გინანიათ როდესმე თქვენი არჩევანი?  

-  სკოლა როგორც კი დავასრულე,  თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი მასწავლებელი  ბატონი გიორგი სიხარულიძე იყო.  ძალიან გამიმართლა,  არაჩვეულებრივი ჯგუფი შემხვდა, ერთად გავიზარდეთ და დღემდე ერთად ვთანამშრომლობთ.  რაც შეეხება პროფესიას, ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე და ვამაყობ ჩემი არჩევანით. 

- თქვენი სადებიუტო სპექტაკლი რომელი იყო?

- ჩემი პირველი სპექტაკლი „ანა კარენინა“ იყო, მაშინ, მე და ჩემი კურსელები  მეორეხარისხოვან როლებზე ვიყავით დაკავებული, რაც დიდი გამოცდილება და საოცარი ემოცია იყო ჩემთვის. ხან ოფიციანტი ვიყავი, ხან მოცეკვავე და ეს როლები დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. თანდათან დავიხვეწე, გავიზარდე და აი, ასე, მოვედი დღემდე.

- რას ნიშნავს შენთვის თეატრი ?

-თეატრის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. თეატრი იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებული ხდები მასზე და  მის გარეშე  არსებობა წარმოუდგენელია.  თეატრის გარეშე ვერ წარმომიდგენია დარჩენილი ცხოვრება. მთავარია, სწორად გავყვე ამ  გზას, ჩემი მთავარი მიზანი და სწრაფვაც ეს არის.  ვაძლევ თავს უფლებას, ვემსახურო თეატრს.

- ალბათ, თქვენთვის საყვარელი სპექტაკლი „რევიზორია“ , რომელმაც წარმატება მოგიტანათ?

- რა თქმა უნდა, გოგოლის „რევიზორი“ გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის, ასევე თეატრისთვის და რეჟისორისთვის. ჩემთვის,  ყველაზე საპასუხისმგებლო სპექტაკლი აღმოჩნდა, ვინაიდან მიწევდა უნიჭიერეს და გამოცდილ მსახიობებთან მუშაობა.  სპექტაკლზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ძალიან განვიცდიდი,  ეს ჩემთვის  დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილებაა.

-რამდენიმე კვირის წინ პრემიერა გქონდათ - „ორნი საქანელაზე“ , სადაც მთავარ როლს ასრულებდით,   ამ სპექტაკლის შესახებ რას იტყვით?

- დიახ, ძალიან საინტერესო და თბილი სპექტაკლი გამოგვივიდა.  სპექტაკლის რეჟისორი  ინგა აბულაძე გახლავთ.  მყავდა არაჩვეულებრივი პარტნიორი თამთა  გაბუნია, რომელთანაც ერთად სცენაზე გავიზარდე, როგორც მსახიობი. მე და თამთა პროფესიულადაც მეგობრები ვართ. ზუსტად გვესმის ერთმანეთის,  იმ დონეზე,  რომ ერთი სისტემით ვმეტყველებთ.  სამუშაო პროცესი  ძალიან სასიამოვნო იყო,   ზუსტად გვესმოდა ერთმანეთის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  არის რაღაცეები, რასაც უსიტყვოდ უნდა ხვდებოდე და როცა ასეთი პარტნიორი გყავს, რა თქმა უნდა, გიმარტივდება როლში შესვლა. ვფიქრობ, ლამაზი სიყვარულის ისტორია გადმოვეცით.

- გარდა თეატრისა,  ვიცი, რომ ფილმშიც გამოსცადეთ  ძალები ?

- დიახ,  მცირე ეპიზოდის თამაში მომიწია საზოგადოებრივი მაუწყებლის  დოკუმენტურ ფილმში - „ გააგრძელე საქართველოს ისტორია“.  იმ დროს, როდესაც ჩემი როლი უნდა გააქტიურებულიყო,  ფილმის გადაღებები შეწყდა, თუმცა, იმედია,  რომ ისევ გაგრძელდება. 

- ეს თქვენი სადებიუტო ფილმი იყო ? 

- დიახ.

-როგორ მოგეწონათ კინოში მუშაობა და სად უფრო კომფორტულად იგრძენით თავი?

-თეატრი უფრო ჩემია, ძალიან ახლოს არის ჩემთან, თუმცა, კინოც ძალიან  საინტერესო და სასიამოვნოა. შეიძლება, ვერც განასხვავო ერთმანეთისგან  ემოციები, თუმცა თეატრი მაინც სხვა გრძნობაა, სხვა განცდა, უფრო ცოცხალი და ემოციური.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი ?

-  უამრავი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება, მეც თეატრის რითმს მივყვები.  რა თქმა უნდა, ყველა შემოთავაზებას დავთანხმდები.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი