|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 5 თებერვალს  ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრა გაიმართა.

საბჭო წარმოადგენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ უმაღლეს ორგანოს, რომელიც ხელმძღვანელობს შეთანხმების განხორციელებას და განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებს.

 

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ოქტომბერ/ნოემბერში ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის პირობებში და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება; გარდა ამისა, ჯერ კიდევ ტენდენციური მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო პოლიტიკური დისკუსიის გამოცოცხლებას - როგორც ეს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდება არჩევნების მართვას, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშემწყობი გარემო.

 

ასოცირების საბჭო მიესალმა საკონსტიტუციო რეფორმის მიღებას და ვენეციის კომისიის ზოგად დადებით მოსაზრებას, რომლის მიხედვით აღნიშნული რეფორმა საქართველოს საპარლამენტო სისტემისკენ მიმართული განვითარების დამთავრებად შეფასდა. ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თანამშრომლობისკენ და ღია დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოში მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია  და განხორციელდეს რეფორმები.

 

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობისთვის, ევროკავშირ-საქართველოს საერთო ორმხრივი გეგმის განხორციელების მიზნით.

 

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო 2017 წლის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მოხსენება საქართველოს შესახებ და დადებითად შეაფასა მნიშვნელოვანი წინსვლა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს 2016 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი უწყვეტი ვალდებულება ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის თაობაზე.

 

ასოცირების საბჭო მიესალმა დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დამტკიცებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ასოცირების 2017-2020 წლების შესწორებული დღის წესრიგის რეფორმის ძირითად პრიორიტეტებთან ერთად, აღნიშნული 20 შედეგი წარმოადგენს პრაქტიკულ ჩარჩოს და სახელმძღვანელოს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად.

ორივე მხარემ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მის ევროპულ არჩევანს და საერთო ამოცანებს დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გასაგრძელებლად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მდგრად ძალისხმევას რეფორმების განხორციელების საკითხში და მის მისწრაფებას ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე.

 

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ შესაბამისად გაგრძელდეს ჩართულობის მხარდაჭერა  ევროპულ ნორმებთან, პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან დასაახლოებლად, ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით.

 

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის განხორციელების მეორე წელს ევროკავშირი ორიენტირებული იქნება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდაჭერაზე, განათლებასა და ახალგაზრდობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტრანსპორტზე; აღნიშნულის მიზანია რეგიონის სიცოცხლისუნარიანობის ზრდა და ზოგადად სამეზობლოს სტაბილურობის გაძლიერება. ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციის განმტკიცება. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ასევე შეაჯამეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული უსაფრთხოების პირველი სტრატეგიული დიალოგის პროცესში განხილული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი დიალოგი კარგ პლატფორმას წარმოადგენს საერთო ინტერესებში შემავალი საკითხების განსახილველად უსაფრთხოების სფეროში.

 

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წინსვლას სასამართლო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დარჩენილ გამოწვევებზე მუშაობა და მიღწეული წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკუთარ ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის საკითხებში.

 

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ეფექტურ ამოქმედებას და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმების და მიღწეულის მდგრადობის უზრუნველყოფა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციით საქართველოს უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა; ის ასევე მიესალმა მთავრობის პასუხისმგებლობას და აქტიურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებების და მოვალეობების საკითხებზე.

 

ასოცირების საბჭომ მოუწოდა საქართველოს უფრო აქტიურად ჩართოს ქალები პოლიტიკაში, და განაგრძოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციის და მათთან ბრძოლის სტამბულის კონვენციის, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური განხორციელება. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოს ახალი უფლებადამცველის დანიშვნის პროცესში.

 

EU-Georgia Association Council - February 2018 Highlights (GE subtitles) | EU Council Newsroom

 

ავტორი: ნიუპრესი