|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადაწყვეტილებას ქვემდებარე ყოველთვის ხელმძღვანელთან ერთად იღებს"

ააიპ ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას აკეთებს.  მისი თქმით, გაერთიანებაში  რეორგანიზაცია ჩატარდა რის გამოც რამდენიმე თანამშრომლის განთავისუფლება  მოხდა. ლორთქიფანიძე აქვე განმარტავს, რომ  გაერთიანებაში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

 "ბაღების გაერთიანებაში მოხდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია შტატების შემცირება. ჩვენ ვახორციელებთ ოპტიმიზაციას და სულ მალე ახალ, სრულიად ჯანსაღ მოდელს ჩამოვაყალიბებთ",- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს თანამშრომლების გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივის არსებობას, თუმცა  ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ქალაქის მერთან  ერთად მიიღო.

"არ ვადასტურებ იმას, რომ თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მას ქვემდებარე ყოველთვის ხელმძღვანელთან ერთად იღებს",-განაცხადა ააიპ ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ   ბაღების გაერთიანების გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ   ნანა ლორთქიფანიძე  გათავისუფლების  გადაწყვეტილებას  ქალაქის მერის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი