|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გეგონება, უმუშევართა ბირჟაზე მყოფ "მალიარს" შეაჩეჩეს საღებავით სავსე ვედრო და დიდი ფუნჯი"

ქუთაისში 9 აპრილის ძეგლის რესტავრაციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი რესტავრაციის სამუშაოებს ვანდალიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ძეგლის ღირებული ნაწილი რესტავრაციას სრულიად შეეწირა. 

“როგორ შეიძლება, ცნობილი მოქანდაკის ნაწარმოებს მხატვარ-რესტავრატორის ხელის გარეშე შეეხო "განსაახლებლად" და კუპრში ამოავლო? პირველი სკოლის წინ მდგარი ეს კომპოზიცია, რომლის რესტავრაციასაც თავის დროზე ტრაგიკულად შეეწირა ავტორი (რეზო რამიშვილი მუშაობის დროს ზემოდან ჩამოვარდა), შარშან გადმოიტანეს ბულვარში და ძალიანაც მოუხდა ამ გარემოს. მაგრამ, ეტყობა, ვიღაცის გემოვნება ვერ დააკმაყოფილა ბრინჯაოსფერმა და შავად შეღებვა გადაწყვიტა. გეგონება, უმუშევართა ბირჟაზე მყოფ "მალიარს" შეაჩეჩეს საღებავით სავსე ვედრო და დიდი ფუნჯი, ისეა უხარისხოდ შეღებილ-ალაპლაპებული მთელი კომპოზიცია. ამ კუპრისფერის წყალობით, წაშლილია მხატვრული ამოცანისათვის შექმნილ-გამოძერწილი დეტალები, მრგლოვანი წარწერები, საერთოდ აღარ იკითხება ნაწარმოები. შორით მოსული ტურისტი უთუოდ გაიკვირვებს, რატომ დგას სიცოცხლით სავსე მწვანე ბაღის შუაგულში ტრაურის ელფერით მოსილი, ეს დაბრეცილი, უშველებელი შავი სვეტები. მათ კი, ვისაც რეზო რამიშვილის ნამუშევარი პირველი სკოლის წინ უნახავს და დაუთვალიერებია, ძალიან გაუჭირდება შედარება ამ ჯართთან, რომელიც დღეს მივიღეთ”, -აღნიშნავს ცხვედიანი სოციალურ ქსელში.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ძეგლის რესტავრაციის პროცესი დასრულებული არ არის, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპოზიცია ბრინჯაოსფერი იქნება.

9 აპრილის მემორიალის  რესტავრაციას ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე ახორციელებს, რომელსაც ქალაქის მერია 4 906 ლარს გადაუხდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, მემორიალთან საინფორმაციო დაფა განთავსდება, ასევე მოხდება ძეგლზე დატანილი წარწერების აღდგენა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა