|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, სულ 10 ადამიანი. მათ ძარცვაში ედებათ ბრალი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომელთაც მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულები არიან ასევე ლატვიის და ვიეტნამის მოქალაქეები.

დაკავებულები დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.

მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი სასმელი, თამბაქო, ბავშვთა კვების პროდუქტები და კოსმეტიკა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე გერმანიაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია უკვე შესულია.

„საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა საქსონიის მიწაზე. საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში და ამ სახის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში გერმანიაში იქნება. იმის მიხედვით, ისინი სასჯელს მოიხდიან თუ მათი გაძევება მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, გერმანიის პროკურატურას რა პოზიცია ექნება“,- განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს კონსულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კახაბერ შიშნიაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი