|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "პრობლემაა, რომ კანდიდატების შერჩევა თბილისში ხდება"

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების,  ადგილობრივი კანდიდატების შერჩევის პროცესისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ "ნიუპრესი" არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარეს, ქუთაისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატს ("ნაციონალური მოძრაობა") გია გოქაძეს ესაუბრა.

-  როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო ვითარებას?
- წინასაარჩევნო კამპანია წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს თბილისის მერობის კანდიდატების პიარითა და წარდგენით, რაც კიდევ ერთხელ იმეორებს იმ მანკიერ მიდგომას, რომლითაც დღემდე გრძელდება - ხაზგასმა თბილისის განსაკუთრებულობაზე, მის გამორჩეულობაზე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ეს მიდგომა არავის გაუპროტესტებია ადგილებზე, პირიქით, რეგიონებიდან დიდი ხალისითაც კი ჩაერთვნენ სოციალური ქსელით, თუ საინფორმაციო საშუალებით წარმოებულ გამოკითხვებში. ამ კუთხით ისევ საბჭოეთში ვართ, ეს ფაქტია.

 

-რაც შეეხება ქუთაისს?

-როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პატიების უმეტესი ნაწილის მიერ მერობის კანდიდატების შერჩევა ხდება თბილისში, ან შეთანხმება მაინც. არცერთ პარტიაში არ ჩატარებულა პრაიმერები ადგილობრივი მერობის კანდიდატების შესარჩევად, რაც კარგად აჩვენებს ამ პარტიების მართვის კომუნისტურ სტილს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკის დეკლარირებას ახდენს ესა თუ ის პარტია.

 ჩვენ თუ  რეალური თვითმმართველობა გვინდა, ეს უნდა ჩანდეს პარტიულ მოწყობაშიც. როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი ეყრდნობა მკაცრ ვერტიკალს.  პარტიები იმ ფორმატით ვერ ფუნქციონირებენ ადგილებზე, როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში. ადგილებზე, ფაქტიურად, ჩვენ არ გვყვავს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა, რომელიც თბილისისგან დამოუკიდებლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამას ემატება ადგილობრივი ორგანიზაციების სრული ფინანსური დამოკიდებულება თბილისის ოფისზეც.

-როგორ შეაფასებთ ოპოზიციური კანდიდატების შანსებს, მერის, ან თუნდაც საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში?
- წინა ადგილობრივი არჩევნები ქუთაისში ჩატარდა "ქართული ოცნების" სრული ტრიუმფით და ერთადერთ ქალაქში - ქუთაისში ვერ შეძლო ოპოზიციამ საქმის მეორე ტურამდე მიყვანა.  რა დასკვნები გამოიტანა იმ არჩევნებიდან ოპოზიციამ, გამოჩნდება ახლა, თუ ოპოზიცია მინიმუმ მეორე ტურის დაყენებას ისევ ვერ შეძლებს ქუთაისში, რბილად რომ ვთქვათ, ეს იქნება უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან.

რა სტრატეგია უნდა აირჩიოს ოპოზიციამ გამარჯვებისათვის?

-როგორც აღვნიშნე, ეს პარტიები ცენტრალიზებულად იმარტებიან, ადგილებზე ლიდერების წარმოჩენა არ ხდება, როცა შენ აქ არ გენდობიან და ეს ასეა, წესით რა შედეგი უნდა დადგეს? თუმცა ოპოზიციასაც მეტი აქტიურობა მოეთხოვება.

-რამდენად თანაბარ პირობებშია მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიის კანდიდატები?

-აქაც კატასტროფაა-მართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს არამარტო ადმინისტრაციული ადგილობრივი რესურსი, არამედ ძალოვანი უწყებები და განსაკუთრებულად სუს-ი. მათი დახმარებით გროვდება ინფორმაციები მოწინააღმდეგე პარტიების კანდიდატებზე. ამას დაუმატოთ სააარჩევნო კომისიები და საოლქო საარჩევნო კომისია, რომელსაც სრულად აკონტროლებს "ქართული ოცნება" ისევ სუს-ის დახმარებით.  ტაბიძის ქუჩაზე განთავსებული უწყება არის ღია ფარული ხელი, რითაც ეს საარჩევნო კამპანია ჩაივლის. სამწუხაროდ, ჩვენ მოქალაქეები ფულს ვიხდით ამ უწყების შენახვაში მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა.

 არ შეიძლება ჩვენ დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ვისაუბროთ ქვეყანაში,  სადაც ყველა ქალაქსა თუ სოფელს მართავს ერთი პარტია. ეს მიდგომა გავლენას ახდენს ქვეყნის განვითაებაზეც.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე