|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ბენიძე: “მივიღეთ გამოწვევა და მოწონებაც დავიმსახურეთ“

ბოლო პერიოდში მესხიშვილის თეატრში ზედიზედ ორ სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა. ჯერ „ცისფერყანწელთა“ თემაზე შექმნილ სპექტაკლში „ბულბულის ნისკარტი“ პაოლოს როლით, შემდგომ კი მიუზიკლში „პიგმალიონი“  შესრულებული მთავარი როლით დაამახსოვრა მაყურებელს თავი.  პოპულარული კი მაინც სერიალში  „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული როლით გახდა.  მსახიობი გიორგი ბენიძე სამსახიობო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე „ნიუპრესს“ ესაუბრა.

დაიბადა ქუთაისში, 1976 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გაემგზავრა. ჩააბარა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგაც აქტიურად დაიწყო მუშობა.  ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა რეზო გაბრიაძის თეატრთან. საქმიანობის გაგრძელება მშობლიურ ქალაქსა არჩია და 2000 წელს  ქუთაისში დაბრუნდა. კარიერა მესხიშვილის თეატრში განაგრძო.

"თეატრალურ უნივერსიტეტში დავით დოიაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი, რომლის დასრულების შემდეგაც ვმუშაობდი რეზო გაბრიაძის თეატრში. 2000 წელს დავბრუნდი ქუთაისში და  7 წლის განმავლობაში 30 მთავარი და ეპიზოდური როლი შევასრულე.  ეს თეატრი, როგორც ქალაქი, მშობლიურია ჩემთვის. ბავშვობიდან მქონდა მასთან შეხება, ამიტომ თავს შინ გვრძნობდი. ბევრი საინტერესო როლი შევასრულე და დიდი ემოცია მივიღე.  ბევრიც ვისწავლე, რაც წარმატებაში მეხმარებოდა", –აღნიშნა გიორგი ბენიძემ.

თეატრთან 7 წელი ითანამშრომლა,  2007 წელს კი ემიგრაციაში წავიდა. თუმცა თეატრს არ ჩამოშორებია. ესპანეთში ქართული თეატრი ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს. ერთ–ერთი სპექტაკლი "ცისფერყანწელთა" ცხოვრებას მიუძღვნა. ასევე,  შექმნა  ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს არქიმანდრიტ მამა ლუკა ფალავანდიშვილის დახმარებით  დღემდე არსებობს.

ემიგრაციაში დარჩენას სამშობლოში დაბრუნება არჩია. 2014 წელს მესხიშვილის თეატრის დასს  შეუერთდა. ამბობს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მადლიერია, რადგან ენდო და როგორც დრამატულ სპექტაკლში, ასევე მიუზიკლში  წამყვანი როლები ანდო. მოლოდინიც გაამართლა და "პაოლოსა" და "ჰიგინსის" როლებით მაყურებელი მოხიბლა.

"2014 წელს დავბრუნდი თეატრში. ადაპტაციის პრობლემა არ მქონია, რადგან ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული ამ თეატრთან, ბევრი ჩემი მეგობარია აქ და ბევრიც ახალი თაობის წარმომადგენელი. ცვლილება ბევრი დამხვდა, როგორც მუშაობის, ასევე მატერიალური კუთხით. გაცილებით კარგი მდგომარეობაა, თუმცა არა საკმარისი. რაც შეეხება როლებს, ვითამაშე ჩემთვის უსაყვარლესი "ცისფრეყანწელების" თემაზე შექმნილ სპექტაკლში. "პაოლოს" როლი  მოვირგე და კიდევ ერთხელ განვიცადე ის ტკივილი, რაც 1937 წლის ამბებს ახლავს ყველა ქართველისთვის. როგორ გაანადგურეს ადამიანები, როგორ ხდებოდა რეპრესიები, თანაც „ცისფერყანწელთა" დაარსების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.  "პაოლოს" როლი შევასრულე, რაც დიდი გამოწვევა იყო. ბევრი ვიშრომეთ, რომ მაყურებლამდე მიგვეტანა სათქმელი და მგონი, გამოგვივიდა",–განაცხადა გიორგი ბენიძემ.

მსახიობმა ახლახანს  ბერნარდ შოუს პიესის "პიგმალიონის" მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკში მთავარი როლი შეასრულა. ამბობს, რომ "ჰიგინსის" როლი მისთვის განსხვავებული და სრულიად ახალი გამოწვევა იყო.

„"პაოლოს", რომ ვთამაშობდი, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, განვიცდიდი და ახლობელი იყო ეს თემა, მაგრამ, როდესაც მერიისგან მივიღეთ შეთავაზება, მოგვემზადებინა მიუზიკლი, თანაც ინგლისურენოვანი, ცოტა შეგვეშინდა. პირველად ვდგამდით მიუზიკლს,  თანაც სხვა ენაზე. ვიცოდით, რომ ქუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის ფარგლებში დელეგაცია ჩამოვიდოდა  და მათთვის უნდა წარგვედგინა, ამიტომ ღელვაც მეტი იყო. მივიღეთ გამოწვევა, ბევრი ვიშრომეთ, რომ თამაში და მუსიკა ერთად შეგევსრულებინა, ასევე მოგვეშორებინა ქართული აქცენტი. ჩვენ დრამის მსახიობები ვართ და მიუზიკლის დადგმა არ იყო მარტივი. ვთვლი, რომ გამოგვივიდა და მოწონებაც დაიმსახურა", – განაცხადა ბენიძემ.

მიუხედავად თეატრში  მრავალწლიანი თანამშრომლობისა,  არაერთი როლისა,  ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი  სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა, სადაც ტიპური ქუთაისელი ახალგაზრდა მამაკაცის როლი შეასრულა, ქუთაისური სილაღით, იუმორითა და მუსიკით. "ვალიკოს" როლზე  კასტინგი გამოცხადდა და გადამღები ჯგუფი ქუთაისში ჩამოვიდა, რადგან მათი მოთხოვნა იყო, ამ როლზე ქუთაისელი მსახიობი ყოფილიყო. კასტინგში მონაწილეთა რაოდენობა დიდი იყო, თუმცა არჩევანი მხოლოდ სამ მსახიობზე შეჩერდა, მათ შორის ერთ–ერთი იყო გიორგი ბენიძე. ეს მისთვის პირველი კინო როლი არ ყოფილა, სხვადასხვა სტუდენტურ კინოსა და სერიალში მონაწილოებდა., თუმცა ქუთაისელი"ვალიკო" ყველასათვის სამახსოვრო აღმოჩნდა. თვენახევრის წინ მონაწილეობა მიიღო „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ გადაღებულ ფილმში, რომელსაც მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.

 ლადო მესხიშვილის თეატრის დასი  ახალ სპექტაკლზე მუშაობს. გიორგი სიხარულიძე  "რევიზორს" ახლებური ვერსიით დგამს, რომელშიც მთავარ როლს გიორგი ბენიძე თამაშობს. პარალელურად, გასტროლებისთვის ემზადებიან. "ბულბულის ნისკარტით" ბარსელონაში, ოდესასა და ათენში მიემგზავრებიან. მსახიობობასთან ერთად გიორგი ბენიძემ ძალები რეჟისორობაშიც მოსინჯა. გიორგი შალამბერიძესთან ერთად სასკოლო ფესტივალისათვის #30–ე სკოლის მოსწავლეებს "სტუმარ-მასპინძელი" დაადგმევინა,  გრანპრიც მოიპოვა და დასი  გასტროლებზე წავიდა.

შემოდგომაზე კი თეატრის რეპერტუარს ახალი, ფრანგული მიუზიკლი შეემატება, თუმცა ის ქართულ ენაზე შესრულდება. სპექტაკლზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მას მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგება.

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა