|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე: "ჯერ გაიარონ იმ მატარებლებმა საქართველოში"

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე  მისი თანაპარტიელის მიერ ორსართულიანი მატარებლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. "გაიარონ იმ მატარებლებმა ჯერ, რომლებიც შემოიყვანეს"-განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში.

 ორსართულიანი მატარებლების თემაზე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელის, გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  "საქართველოს რკინიგზის" მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები შეუსაბამოა ადგილობრივი სტანდარტების მიმართ. ამ ინფორმაციის პასუხად  "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ  განაცხადა, რომ "ახალი საქართველოს" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ტყუილის გამო ბოდიშის მოხდა გიორგი ვაშაძეს მოუწევს.

"როდესაც ეს მატარებელი შემოვა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს, რადგან ეს მატარებელი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში არსებობს, ბატონმა ვაშაძემ პირადად მოუხადოს ბოდიში ყველა მოქალაქეს,"-განაცხადა ცაგურიამ.

გივი კუბლაშვილის ინფორმაციით,  ერთი წლის წინ, რუსეთმა "შტადლერის" შეუკვეთა 12 მატარებელი, რომელიც განკუთვნილი იყო მოკლე მანძილისთვის, მხოლოდ აეროპორტებსა და მოსკოვს შორის მანძილზე მოძრაობისთვის, 60 კილომეტრისთვის. რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ფულის გადახდა შვეიცარიული კომპანიისთვის და შემდეგ მოხდა გადაყიდვა.  ჩაწოლილი საქონელი, რომელიც რუსეთმა ვერ გამოიყენა, იყიდა საქართველოს მთავრობამ.  ამასთან,  არ არსებობს ინჟინრების დასკვნა,  თუ რამდენად იქნება მორგებული ეს მატარებელი ჩვენს რკინიგზაზე. მისი ინფორმაციით, მატერებელი გვირაბში არსებული ინფრასტრუქტურის შეცვლის გარეშე ვერ გაივლის. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც. "თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ლაპარაკობთ? მატარებელი ვიყიდეთ, რომელიც გვირაბში ვერ ეტევა?"-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საქართველომ შვეიცარული წარმოების 4 მატარებელი იყიდა, რომელშიც 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

ავტორი: ირინა მაკარიძე