|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალს აქვს უფლება იცხოვროს ძალადობის გარეშე - აქცია ქუთაისში

„როცა ჩემი ქმარი მთვრალია, ნამდვილი მოძალადე ხდება“, „ბიჭმა თავი მოიკლა, ყოველდღიურად ხედავდა ძალადობას მამის მხრიდან“, “ქმრის ლანძღვა–გინება ჩემთვის უკვე აუტანელია’, – ეს და სხვა ამონარიდები რეალური ისტორიებიდან ავსებდა საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე დარიგდა. აღნიშული აქცია ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით  მოეწყო.

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩატარდა ყოველწლიური 16 დღიანი საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. იგი ერთდროულად საქართველოს 6 ქალაქში გაიმართა.

„ქართველ ქალებს აქვთ იგივე მოთხოვნები, რაც მსოფლიოს სხვა ქალებს, და ყველა  ერთ მთავარ მოთხოვნასთან იყრის თავს, ის რომ ქალებს აქვთ უფლებები იცხოვრონ თავისუფალ გარემოში  ძალადობის გარეშე. ჩვენი აქცია ეხება ქალის უფლებების ყველაზე მთავარ დარღვევას  – ძალადობას ქალზე. 16 დღის განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაიმართება აქციები ამ მიმართულებით. ჩვენი ფონდიც ბევრ ღონისძიებას გეგმავს, მაგრამ აღნიშულ კამპანიას ვიწყებთ აქციით“, – განაცხადა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალა გამახარიამ.

აქციას შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და  რიგითი მოქალაქეები, მათ შორის მამაკაცებიც.

„ჩვენს გარშემო არიან მამაკაცებიც, რომლებიც გენდერულად სენსიტიურნი არიან და არ დაუშვებენ ძალადობას ქალზე. მე ვარ, მაგალითად, ასეთი ადამიანი და შემირცხვენია ყველა ის კაციც და ქალიც ვინც ძალადობას გაამართლებს ოდესმე“, – განაცხადა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ.

თუმცა მამაკაცთა მხრიდან გენდერული სენსიტიურობის მიუხედავად  ჟურნალისტმა ვერ გაიხსენა პრეცედენტი, როცა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია სწორედ მამაკაცების ინიციატივით ჩატარებულიყო საქართველოში.

„ალბათ ამის  პრეცედენტი არ ყოფილა და ეს არის ძალიან ცუდი . ქალები უფრო მგძნობიარეები არიან, მაგრამ უნდა გააქტიურდნენ ამ კუთხით კაცებიც“, –ამბობს დავით ლიკლიკაძე.  

კამპანიას "16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ" საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის ინიციატივით.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა