|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე, ქარჩხაძეების ოჯახის დიასახლისი, ლია ხურციძე საუბრობს.

ხურციძის თქმით, მცირეწლოვანს, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, ოპერაცია ხუთი დღის ნაცვლად, 15 დღის დაგვიანებით გაუკეთდა. 

"ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმმა ირაკლი რობაქიძემ, ფორმა ასში მიუთითა, რომ ოპერაცია ბავშვისთვის ხუთ დღეში უნდა გაკეთებულიყო. თუმცა სადაზღვევო კომპანიამ ოპერაცია დაგვიანებით დააფინანსა. ოპერაცია ხუთი დღის შემდეგ კი არა მეთხუთმეტე დღეს გაკეთდა. თავიდან სადაზღვევოი კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ბავშვების დაფინანსება მათ არ ეხებოდათ და ვანში გადმოგვამისამართეს. ასე ვიყავით ქუთაისი-ვანის გზაზე გაწელილი. შემდეგ ჩაერია მთელი ქვეყანა ჩვენს ამბავში მას შემდეგ რაც ჩემმა ქმარმა თავი მოიკლა და ოპერაცია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" დაფინანსებით გაკეთდა. ოპერაციის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ  დაგვიანების გამო, ჭრილობას შეხორცება ჰქონდა დაწყებული," - ამბობს მცირეწლოვანის დედა ლია ხურციძე.

"ირინა ქარჩხაძე დაზღვეულია "ჯიპიაი ჰოლდინგში" უმწეოთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. ირინას ოჯახმა გეგმიური ოპერაციის მოთხოვნით მოგვმართა 2014 წლის 19 მარტს. საქმე ეხებოდა მოტეხილობის მკურნალობას და კლინიკისგან იყო მომართვა არა გადაუდებელ, არამედ გეგმიურ ოპერაციაზე, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო იყო ქსოვილების შეშუპების ჩაცხრობა ოპერაციის ჩატარებამდე. კომპანიის მიერ უმოკლეს ვადაში გაიცა საგარანტიო მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაფინანსებაზე. საგარანტიოს საფუძველზე დაზღვეულს ოპერაცია ჩაუტარდა 30 მარტს ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ამჟამად გაწერილია ბინაზე. ოჯახს რაიმე სახის პრეტენზიით არც ოპერაციის ჩატარებამდე და არც შემდეგ ჩვენთვის არ მოუმართავს," - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი"-ში.

კონკრეტულად ტრაგედიის დეტალებზე და სადაზღვევო კომპანიის მისამართით ქარჩხაძეების ოჯახის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე იხილეთ ვიდეო მალე newpress.ge-ზე.

 

 

ავტორი: ანა ჯანაშია