|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობების შეხვედრებზე საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება

ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტის მერები და გამგებლები   შეიკრიბნენ. შეხვედრას, რომელიც  თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეგიდით გაიმართა, თბილისის მერი დავით ნარმანია უძღვებოდა.   შეხვედრის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის  პრობლემატიკის გაცნობა და მასთან მიმართებაში საკანონმდებლო ხარვეზების დადგენაა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადდება.

როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პრემიერთან შეხვედრისას გამგებლებმა საკმაოდ მწვავე საკითხები დააყენეს, რის შემდეგაც პრემიერის მიერ თვითმმართველობების ხელმძღვანელების შეკრება და საკანონმდებლო ხარვეზებზე მსჯელობა დაიგეგმა. „შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ თვითმმართველთა ასოციაცია დადებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც შემდეგ პარლამენტს მივმართავთ“,-განაცხადა დავით ჯიქიამ.

სამტრედიის მერის ვალერი ფოცხვერიას თქმით კი, ასეთი შეხვედრები აუცილებელია. “მუნიციპალიტეტებში დაგროვდა საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არ არის.  ვფიქრობ, რადგანაც ასეთი შეხვედრა მოეწყო,  შედეგიანიც იქნება“,-განუცხადა მან "ნიუპრესს".

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებმა და გამგებლებმა საკუთარი ინიციატივები წარადგინეს. ქუთაისის მერის, შოთა მურღულას განცხადებით, ქუთაისის ხელმძღვანელობას თვითმმართველობებში არსებული ბიუროკრატიის შესამცირებლად  წინადადება აქვს.

მომდევნო შეხვედრა ერთ კვირაში, თბილისში გაიმართება, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს  მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები დაესწრებიან. შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ თვითმმართველობების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები მხარდასაჭერად მთავრობას და პარლამენტს გადაეგზავნება.

ავტორი: ირინა მაკარიძე