|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მიხეილ ნ. და 1994 წელს დაბადებული ბაჩანა ა. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ავთანდილ შ-ს სხვადასხვა დროს, ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ეტაპობრივად 650 ლარი გამოსძალეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიხეილ მ-მ ავთანდილ შ. აიძულა მეგობრის კუთვნილი ნოუთბუქი მისთვის მიეცა, რომელიც შემდეგ სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ლომბარდში 200 ლარად ჩააბარა, ხოლო ბაჩანა ა. ავთანდილ შ-სგან კიდევ 900 ლარის გამოძალვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ ნ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ხოლო ბაჩანა ა. გორში, გორისჯვრის ქუჩაზე დააკავეს. მიხეილ ნ-ს პირადი ჩხრეკისას 300 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი