|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ლი სექტემბრიდან რეცეპტების ინსტიტუტი სრულად ამოქმედდება

დღეს შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან იმ აუცილებლობაზე ისაუბრა, რის გამოც რეცეპტის ინსტიტუტის არსებობაა მნიშვნელოვანი და რა მიზნითაც იგი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტების ინსტიტუტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ გეგმა, როგორც სამედიცინო, ისე ფარმაკოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს წარედგინათ. შესწავლილი იქნა რისკები, რაც რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას შეიძლება ახლდეს თან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, იმოქმედებს როგორც ერთწლიანი რეცეპტები, ასევე უეცრად დამდგარ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რომლის შემადგენლობაც შესწავლის შემდეგ განისაზღვრება. უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედების თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული.
დავით სერგეენკომ ყურადღება ფარმაკოლოგიურ სექტორში ამ დრომდე არსებულ რეგულაციებზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს. „ცალკეულ აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემდნენ, ასეთი შემთხვევები სრულად არ აღმოფხვრილა, თუმცა 90%-ით შემცირდა“-აღნიშნა მინისტრმა. მანვე იმ სანქციებზე ისაუბრა, რაც აფთიაქებს მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში დაეკისრებათ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მედიკამენტების ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

ავტორი: ნიუპრესი