|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გამართავენ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები 19:00 საათზე პორტუგალიას თბილისის სპორტის სასახლეში დაუპირისპირდებიან. 
ამ დროისთვის არსებული სიტუაციით, შესარჩევ E ჯგუფში საქართველო მეორე ადგილს იკავებს. იმისთვის, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა პირველ-მეორე ადგილისთვის იბრძოლოს, პორტუგალია აუცილებლად უნდა დაამარცხოს. გამარჯვების შემთხვევაში ძალიან მცირე შანსი იქნება იმის, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.
ბოლო შეხვედრაში საქართველომ უნგრეთი 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და "ევრობასკეტზე" მოხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ კალათბურთელებს პირველ ადგილზე გასვლის რეალური შესაძლებლობაც გაუჩნდათ, ამ შემთხვევაში კი საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გავა. მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი სხვა ჯგუფების ერთ მეორე ადგილოსანსაც რომ აჯობოს, "ევრობასკეტზე" მოხვდება, ამის შანსი კი ძალიან დიდია. 
ევროშესარჩევზე სულ 7 ჯგუფია. პირველადგილოსნები პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებიდან კი 6 საუკეთესო გადის. მეორეადგილოსნებს შორის ამ დროისთვის საქართველო მესამე ადგილს იკავებს. 
იმისთვის, რომ საქართველო პირველ ადგილზე გავიდეს, უნდა სძლიოს პორტუგალიას და ჩეხეთი უნგრეთთან უნდა დამარცხდეს. ხოლო თუ უნგრეთმა ჩეხეთს 34 ქულაზე მეტი სხვაობით მოუგო, მაშინ უნგრეთი გავა პირველ ადგილზე. ჩეხეთის გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს. 
რა შემთხვევაში გადის საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თუ მეორე ადგილზე გავიდა: თუ ჰოლანდიამ მონტენეგრო 39 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხა ან პირიქით, მონტენეგრომ დაამარცხა ჰოლანდია 29 ქულაზე მეტით; თუ ავსტრიამ სტუმრად პოლონეთი ვერ დაამარცხა, თუმცა იმისთვის, რომ ავსტრიამ გამარჯვების შემთხვევაში გაგვასწროს, მინიმუმ 41-ქულიანი სხვაობით უნდა მოიგოს.
სპეციალისტების შეფასებით, ორივე მატჩი საქართველოსთვის სასურველი შედეგით დასრულდება. 
საქართველო "ევრობასკეტზე" გავა ნებისმიერ იმ შემთხვევაშიც თუ უნგრეთი შინ დაამარცხებს ჩეხეთს, ბოსნია სტუმრად დაამარცხებს ისლანდიას, ლატვია სტუმრად მოუგებს რუმინეთს ან ბელორუსი მაკედონიაში დაამარცხებს მასპინძელ გუნდს. 
მთლიანობაში კი, პირველ რიგში საქართველომ უნდა მოუგოს პორტუგალიას. გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად სასწაული უნდა მოხდეს, რომ ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი