|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ საპრივატიზაციო ობიექტების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა

ქუთაისის საკრებულოს რიგით მესამე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. 

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარე კომისიის მომდევნო სხომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.
"არავინ არ დაობს იმაზე, რომ ქონების გაყიდვის შედეგად ქალაქის ბიუჯეტში თანხა უნდა შევიდეს, მაგრამ საპრივატიზაციოდ არ უნდა გავიტანოთ ის ადგილები, რომლებიც არ ექვემდებარება გაყიდვას და არ გავიმეოროთ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, როდესაც სკვერები და ბაღები მასიურად იყიდებოდა,"– განაცხადა გალაქტიონ ტოროშელიძემ.
საკითხის გადადების მოთხოვნის ინიციატივას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრმა, ნატო ქათამაძემ. 
"უნდა ვიცოდეთ რაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. მწარე გამოცდილებაა წინა ხელისუფლებიდან, როცა სხვისდებოდა მიწები, სადაც შემდეგ უსახური ობიექტები შენდებოდა. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ადგილზე ვნახოთ ხომ არ სხვისდება ის ობიექტები, რაც შემდეგ სადავო გახდება," – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარემ, დავით დვალმა ის, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, ბუნებრივ პროცესაც შეაფასა.
"უნდა მივეჩვიოთ, რომ საკრებულოს წევრებს გადაწყვეტილების მიღებას არავინ არ დააძალებს, რაც წინა მოწვევის საკრებულოებისთვის უცხო არ იყო. საკითხი გაივლის კომისიას და დასამტკიცებლად მომდევნო სხდომაზე გამოვა," – განაცხადა დავით დვალმა.
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია  საპრივატიზაციოდ გასატანი ობიექტების ნუსხის თაობაზე 3 სექტემბერს იმსჯელებს. 
       

ავტორი: დეა მანაგაძე