|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების სამინისტრო იმ პროდუქტებისა და ნივთების სიას აქვეყნებს, რომელთა საპატიმროებში შეტანა აკრძალულია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების სიას აქვეყნებს, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანებით დაწესებულ შეზღუდვებს "უსაფრთხოების უზრუნველყოფის" მიზეზით ხნის. სამინისტროს განცხადებას და აკრძალული პროდუქტებისა თუ ნივთების სიას უცვლელად გთავაზობთ: 
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება #135, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის #97-ე ბრძანებაში, მიმართულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.
მოცემული ბრძანებით განისაზღვრა იმ ნივთების, პროდუქტების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ნუსხა, რომელთა შეტანა აკრძალულია საპატიმრო დაწესებულებაში ბრალდებულთან და მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის. 
აღნიშნული ბრძანების მიზანია აღმოიფხვრას დღემდე არსებული ბუნდოვანება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესატან აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით, რითაც მოხდება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო თვითნებობის პრევენციაც .
გვსურს შეგახსენოთ, რომ სამინისტრომ არაერთხელ მიიღო წერილი თავად ადვოკატებისგან, სადაც ისინი ითხოვდნენ მითითებას იმ სამართლებრივ აქტზე, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა აკრძალული ნივთები.
მოცემული ბრძანებით განისაზღვრა ნივთების ის მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა შეტანა სასჯელაღასრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის კუთხით განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია. აღნიშნული კონკრეტული სივრცისთვის საფრთხის შემცველი ნივთების იდენტიფიცირება მოხდა მრავალწლიანი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული იქნა საუკეთესო უცხოური გამოცდილებაც. შედეგად, მათი სტატუსი განისაზღვრა მოცემული სამართლებრივი აქტით და ეს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ #135 ბრძანებით არ იკრძალება საკულტო-რელიგიური ნივთები. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აკრძალული ნივთების სიის განსაზღვრა ნაკარნახევია მხოლოდ პატიმარის და მისი გარემოცვის უსაფრთხოების მოტივით და არ არის მიმართული რელიგიური უფლებების შეზღუდვისკენ. აკრძალული ნივთების ნუსხაში შესულია ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაშვებულია, მაგალითად: ხის ჯვრის, ხატის, ფსკვნილისა და სხვა რელიგიური ნივთების შეტანა.
სამინისტრო მზადაა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. განცხადებას თან ვურთავთ N135-ე ბრძანებით გათვალისწინებული აკრძლული ნივთების ნუსხას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი კანონით დადგენილი რეგულაცია ითვალისწინებს და ემსახურება დაწესებულებებში განთავსებულ და დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის:
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.
6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის "ბიჟუტერია", ყველა სახეობის საათი.
7. ოპტიკური ხელსაწყოები.
8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.
11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
12. გადასამრავლებელი აპარატები.
13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.
14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
16. ბანქო.
17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
18. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).
19. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
20. კომპასები.
21. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.
22. საღებავები და კოპირების ქაღალდები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი