|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N2 დაწესებულება ომბუდსმენის სამსახურმა შეამოწმა

ომბუდსმენთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამსახურმა  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N2 დაწესებულებაში განხორციელებული კვლევის ანგარიში გაოაქვეყნა. 

მონიტორინგის შედეგები 17 გვერდიან კვლევაში აისახა, რომლის  თანახმად, ვიზიტის დროს  ჯგუფის წევრებს არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია პატიმრებისაგან არ მიუღიათ,  თუმცა ამ დაწესებულების პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების შესახებ 2014 წელს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს 3 შემთხვევაში მიმართა.

დაწესებულებაში უსაფრთხოების საკითხების შესწავლილსას გაირკვა, რომ   2014 წლის იანვრიდან 22 ოქტომბრამდე  პატიმართა მიერ  თვითდაზიანების 396  შემთხვევა დაფიქსირდა,   ხოლო  სუიციდის მცდელობის- 50 შემთხვევა.

მონიტორინგის  ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ხშირია საკნებში  მსჯავრდებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

 ომბუდსმენის სამსახურის მიერ   სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ გაიცა მთელი რიგი  რეკომენდაციები, რომელთა შორის უმთავრესია პატიმრებისათვის  დისციპლინური სახდელის დაკისრებისას  სამარტოო საკანში  მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოთავსება,  ასევე პატიმრების ჰაერზე გაყვანის აუცილებლობა, ექიმის ხელმისაწვდომობა, ასევე  ქალი პატიმრებისათვის პირადი ჰიგიენის დაცვის საჭიროების უზრუნველყოფა.

ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების N2 დაწესებულება  განკუთვნილია  1840 პატიმარის განთავსებისთვის. მონიტორინგის ის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 1516 პატიმარი, მათ შორის 8 ქალი და 4 არასრულწლოვანი პატიმარი. 57 მსჯავრდებული (3.7%) დასაქმებული იყო სამეურნეო ნაწილში.

ავტორი: ნიუპრესი