|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ იხდის დაზიანებული მილებიდან დაქცეული წყლის საფასურს

"ქუთაისში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ამ დროს ბევრ უბანში ამორტიზირებული მილების გამო წყალი ცენტრალურ მაგისტრალებზე მოედინება. ასეთი მდგომარეობა ლესელიძის ქუჩაზე უკვე ერთი წელი გრძელდება. წყალმა მაგისტრალიც გააფუჭა და მანქანებს უჭირთ მოძრაობა. ხელისუფლებისადმი მოსახლეობის არაერთგზის მიმართვამ, შედეგი ვერ გამოიღო", - წერს  ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციის  „საზოგადოებრივი ინტერესების  დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი, სულხან ქობულაძე.

 აღნიშნული  საკითხი მხოლოდ ერთი ქუჩის პრობლემა არ არის. ქალაქში ბევრ ადგილზე ნახავთ ქუჩაში დაზიანებული მილიდან გადმომდინარე წყალს.  "ნიუპრესი" დაინტერესდა, ვინ იხდის  დაქცეული წყლის საფასურს, რაზეც წყალმომარაგების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების ორგანიზაციას "ასა" დაუკავშირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "ასა"-ს წარმომადგენელმა,  ზაზა ხელაძემ განგვიცხადა,   "ქუჩაში დაქცეული წყლის საფასურს მოსახლეობა იხდის. ეს გადაწყვეტილება 1996 წლის შემდეგ არის შესული ძალაში. დანახარჯი ანგარიშდება და შემდეგ მოსახლეობაზე ნაწილდება. არის უბნები ქუთაისში, სადაც გამრიცხველიანება კი არის, მაგრამ კორპუსების მაღალ სართულებზე წყალი ნაკლებად მიეწოდებათ, თუმცაგადასახადი კი სოლიდური მისდით. ეს  ნიშნავს, რომ მათ  ქუჩაში დაქცეული წყლისსაფასურსაც ანაზღაურებინებენ", - განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში ზაზა ხელაძემ.

"ნიუპრესის" შეკითხვას, იხდის თუ არა მოსახლეობა  ქუჩაში დაზიანებული მილებიდან დაქცეული წყლის საფასურს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორმა მერაბ ბობოხიძემ უპასუხა. მისი განმარტებით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი იხდის მხოლოდ მოხმარებული სასმელი წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო მომსახურების) გადასახადს. გადახდა კი ხორციელდება, ან წყალმზომის (მრიცხველის) ჩვენების, ან სულადობის საფუძველზე. რაც, სრულად გამორიცხავს წყალქცევის ხარჯების მოსახლეობაზე გადანაწილებას. უფრო მეტიც, მსგავსი ბრალდება აბსურდულია". 

რაც შეეხება ქუჩებში დაზიანებულ მილებს, მათი შეკეთება ეტაპობრივად მიმდინარეობს-განმარტავენ კომპანიაში.


ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა