|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თორნიკე შარაშენიძე - რუსეთს რაც უფრო დაუთმობ, უფრო მეტს მოითხოვს

ორი დღის წინ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრა. უკრაინამ დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. უკრაინა- რუსეთის ომმა „ღია სახე“ მიიღო.

 წარმოადგენდა თუ არა გარდაუვაობას ის რაც დღეს უკრაინაში ხდება? რამდენად შედეგიანია რუსეთთან დათმობის პოლიტიკა? რამდენად ადეკვატურად მოქმედებს 

საქართველოს ხელისუფლება ამ კონფლიქტთან მიმართებაში? რა შედეგებს იძლევა დაგვიანებული გადაწყვეტილებები?


აღნიშნულ საკითხებზე newpresss.ge-ს ესაუბრება GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.


უკრაინის მხრიდან ევროკავშირთან დაახლოებასა და ნატოს წევრობაზე უარის ართქმამ და რუსეთის „სივრციდან“ საბოლოოდ გასვლის სურვილმა  გარდაუვალობად აქცია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, თუ მაინც შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება მსოფლიო თანამეგორობის მეტი აქტიურობის, თუ სხვა გზების მოძიების შემთხვევაში (თუკი არსებობდა ასეთი გზები რა თქმა უნდა)?

უკრაინას ნატოზე პრაქტიკულად უარი ჰქონდა ნათქვამი. იანუკოვიჩმა ეს პრეზიდენტად გახდომისთანავე გააკეთა - კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნატოში შესვლისათვის რეფერენდუმის ჩატარება იყო საჭირო. გამომდინარე იქიდან, რონ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას მხარს არ დაუჭერდა, უკრაინა ნატოს დიდი ხნით დაემშვიდობა.

არც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იდგა დღის წესრიგში. საუბარი იყო ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე. იანუკოვიჩმა ამაზეც უარი განაცხადა და ამიტომაც შედგა მეიდანი.

რუსეთი თავიდან აცხადებდა, რომ იგი უკრაინის ნატოში შესვლას არ შეეგუებოდა. ევროკავშირზე კი ნაკლებად მძაფრად რეაგირებდა. ამიტომ დასავლეთმა ჩათვალა, რომ თუკი ნატოს საკითხში დათმობდა, რუსეთი დამშვიდდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა,  რუსეთს რაც უფრო დაუთმობ, უფრო მეტს მოითხოვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს აშკარა ხდება. წაიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და აპატიეს. წაიღო ყირიმი, აპატიეს. ახლა აღმოსავლეთ უკრაინაზეა ჯერი და იმედია დასავლეთი ახლა მაინც გამოფხიზლდება.   

საქართველოს ხელისუფლების ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება რა შეიძლება იყოს ამ მომენტში? ზოგადად რამდენად ადეკვატრია მისი (ხელისუფლების)მიმართებები უკრაინა- რუსეთის ომთან?

-საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან, რაც ერთის მხრივ გასაგებია - გაგიჟებული დათვის უფრო მეტად გაგიჟება საჭიროა არაა. მაგრამ ამავე დროს ჩავარდნილი მუშაობა ჩვენ მეგობრებთან დასავლეთში, უპირველესად კი ამერიკასთან. მიდის ჩვენი მეგობრის, კარლ ბილდტის ლანძღვა, რაც დაუშვებელია - არ შეიძლება სააკაშვილის დევნას მთავრობამ გადააყოლოს საქართველოს მეგობრები. ჩვენ თუ დასავლეთთან მუშაობას არ გამოვასწორებთ, იგი თანდათანობით ზურგს შეგვაქცევს. 

- არასწორმა, ან დაგვიანებულმა გადაწყვეტილებებმა (იგივე მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან)  რა შედეგი შეიძლება დააყენოს?

რაც უფრო დაგვიანდება რეაქცია, მით უფრო დიდია ახალი ცივი ომის შანსი. ეს ცივი ომი საკმაოდ მალე რუსეთის კატასტროფული მარცხით დასრულდება და ჩვენ ასეთი სცენარისათვის უნდა მოვემზადოთ. მესამე მსოფლიო ომამდე საქმე არ მივა - რუსეთი გაცილებით სუსტია დასავლეთზე და აქეთკენ საქმეს თუ წაიყვანს თავს საბოლოოდ გაინადგურებს. 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი