|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განსაკუთრებული საჭიროებები და შრომითი უფლებები

 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, რაც მრავალი სირთულიდან გამომდინარეობს. შშმ პირთა ღია შრომით ბაზარზე მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს როგორც არასათანადო და არაეფექტური საკანონმდებლო ბაზა, ასევე პრაქტიკასა და გარემოში არსებული ბარიერები, საზოგადოებაში განმტკიცებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და განწყობები. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სხვა უფლებებთან, მათ შორის განათლებაზე, რეაბილიტიაციასა და აბილიტაციაზე წვდომის დაბალი ხარისხი.

მართალია, კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, იყვნენ დასაქმებულნი სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, თუმცა, იგი არ მოიცავს საკანონმდებლო გარანტიებსა და მექანიზმებს, რაც აღსრულებადს გახდის არსებულ ნორმებს. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერების არარსებობის პირობებში, რაც კანონის ქმედითობას უნდა უზრუნველყოფდეს, მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI)“ მოიაზრებენ, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს, რადგან სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას მხოლოდ სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით აღრიცხავს. აღნიშნულ მოსაზრებას ამართლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნების უმეტესობაში შშმ პირთა რიცხვი, საშუალოდ - 10%-ს აღწევს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი შშმ პირია საქართველოში დასაქმებული, არ გააჩნია, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის საერთო სურათის დანახვას. საჯარო სამსახურის ბიუროს 2013/2014 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში საჯარო სექტორში 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი, რომელთაგან 5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების სათანადოდ რეალიზება ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მაღალია უმუშევრობის დონე. მათ შორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საზოგადოების სხვა წევრების თანაბრად აქვთ უფლება საკუთარი შრომით უზრუნველყონ პირადი ცხოვრება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით მოწყობილი გარემოსა და ადაპტირებული სამუშაო ადგილების არარსებობა. მწირია საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლების სათანადო რეალიზება. საქართველოში შშმ პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებისა და ძალაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისაბაში მოვიდეს კონვენციის პრინციპებთან და მოთხოვნებთან. სასურველია დაწესდეს კვოტირების სისტემა, რომლითაც დამსაქმებლებს ექნებათ ვალდებულება სამუშაოზე მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. აღნიშნული წესი უნდა გავრცელდეს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორზეც, - ასე აფასებს ირინე ობოლაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შრომით უფლებებსა და მდგომარეობას შრომით ბაზარზე.

ირინე ობოლაძის თქმით, გარდა კანონმდებლობისა, სადაც შშმ პირების საჭიროებები არ არის სათანადოდ ასახული,  დასაქმებისას, პრობლემებს  განათლებასთან დაკავშირებული საკითხებიც ქმნის:

„ინკლუზიური განათლების უწყვეტობა და მისი ხარისხი პირდაპირ კავშირშია ამ პირთა შრომითი უფლებლების რეალიზებასთან. ადაპტირებული გარემოს არარსებობა, სწავლების ყველა საფეხურზე საჭირო სასწავლო სახელმძღვანელოების არარსებობა ასევე ხელისშემშლელი ფაქტორებია. შშმ პირებს, ხშირად, მხოლოდ დაწყებითი ან ზოგადი განათლება აქვთ, რაც არ არის საკმარისი დასაქმებისთვის. პროფესიული განათლების მიღების შემთხვევაშიც კი დაბალია მათი შრომითი მოწყობის ალბათობა, რაც უკვე დასახელებული მიზეზების გარდა განპირობებულია იმითაც, რომ პოტენციურ დამსაქმებლებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ შშმ პირთა საჭიროებების, შესაძლებლობების, მათი უფლებების შესახებ. პროფესიული ინკლუზიური განათლება წარმატებულ პროცესად მხოლოდ იმ შემთხვევაში  შეიძლება განვიხილოთ, თუ მას შედეგად მოჰყვება პირის შრომითი მოწყობა და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება“.

როგორც ირინე ობოლაძე აღნიშნავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების რეალიზების მიზნით სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში ამ პირთა მონაწილეობას, ადამიანური რესურსების განვითარებას და სხვა შესაბამის პროცესებს.  მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ სახელმწიფო ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.                                                                

ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, თეა სტურუას თქმით, 2013 წლიდან დღემდე, დეპარტამენტის შუამავლობით, სხვადასხვა კერძო კომპანიაში 25 შშმ პირი დასაქმდა. დასაქმების დეპარტამენტი 2 წელია, რაც შეიქმნა და მისი ფუნქცია დასაქმების მსურველებისა და კერძო სექტორის ერთმანეთთან დაკავშირებაა.დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი დასაქმების მსურველებს მხოლოდ იმ კომპანიებთან უწევს საშუამავლო მომსახურებას, სადაცდამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობაშრომის კოდექსით რეგულირდება.

დეპარტამენტის ინტერესებს მოწყვლადი ჯგუფებთან მუშაობაც წარმოადგენს. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები. როგორც თეა სტურუა აცხადებს, რამდენიმე კვირის წინ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, 56 კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,რომელთაგანაც მზაობა, - თავიანთ კომპანიებში დაასაქმონ შშმ პირები, ყველა მათგანმა გამოთქვა:

„თუმცა, მხოლოდ მათი მზაობა არ არის საკმარისი, რადგან იმისათვის, რომ შშმ პირის გაძლიერება და დასაქმება მოხდეს, კომპანიებმა უნდა შეძლონ მათთვის ადაპტირებული გარემოს შეთავაზება. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ სექტემბრიდან დავიწყებთ ამ პილოტური, მხარდამჭერი მექანიზმების დამუშავებას. 56 კომპანიას დაემატა რამდენიმე ათეული კომპანიაც, რომლებიც მზად არიან, შშმ პირები დაასაქმონ რეგიონებშიც. ვიმედოვნებთ, რომ ამ მოდელის საშუალებით უკეთ მოვახდენთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა რესოციალიზაციას“, - აღნიშნა თეა სტურუამ.

კრიტიკურად აფასებს შრომით კანონმდებლობასა და სახელმწიფო მიდგომებს შშმ პირთა მიმართ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია:

“შრომის კოდექსში საერთოდ არაა ნახსენები შშმ პირთა შრომითი უფლებები, ასე რომ, არა თუ საკმარისად არ არის, საერთოდ არ არის ასახული კანონმდებლობაში რაიმე განსაკუთრებული გარემოს შექმნის ვალდებულება დამსაქმებლისთვის, შესაბამისად, საერთოდ არ არის განსაზღვრული დასაქმების პირობები. კერძო სექტორისთვის არ არსებობს კვოტების დაწესების სისტემა, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის შშმ პირთა რეალიზაციისთვის. დღეს, კანონის მიხედვით, შშმ პირები თანაბარ კატეგორიაში გადიან, რაც არათანაბარ პირობებში აყენებთ მათ დასაქმებულთა წინაშე. ეს არ არის სამართლიანი და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამის შესახებ, რადგან სახელმწიფოს აკისრია სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მიმართ“, - ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

გოჩა ალექსანდრიას შეფასებით, გარემო, რომელშიც დღეს შშმ პირები იმყოფებიან, არასამართლიანი და უკანონოა:

სამართლიანი იქნება მათთვის საჭირო გარემოს შექმნა, რათა მოახერხონ საკუთარი შრომით საკუთარი თავის რჩენა და სახელმწიფომ ამის საშუალება ყველა მოქალაქეს უნდა შეუქმნას. შშმ პირები წარმოადგენენ იმ ინტელექტუაურ პოტენციალს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია შრომით ბაზარზე, ამიტომ მათი ხელშეწყობა აუცილებელია. დღეს, საქართველოში შშმ პირები შრომითი კუთხით სასარგებლო სამუშაო ძალად არ მიიჩნევიან და ამაზე პირველ რიგში, კანონი მეტყველებს. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია, ჩვენს კანონმდებლობაში გადმოიტანოს იმ ევროდირექტივის შინაარსი, რომელიც არეგულირებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას, მათ შორის, შშმ პირთა დასაქმებას. ამ დირექტივის თანახმად, დისკრიმინაცია უნდა იქნას აღმოფხვრილი, სამსახურში მიღებისას გარკვეული უპირატესობა-პრივილეგია უნდა მიენიჭოთ შშმ პირებს, თუმცა, ამას დირექტივაშიც უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ვიდრე სავალდებულო. ასევე, საუბარია სამუშაო ადგილას კომფორტის შექმნაზე, რომ გარემო არ ქმნიდეს მათთვის სიძნელეებს. ერთის მხრივ, ეს არის კარგი ჩანაწერი ევროპელებისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეკომენდაცია საკმარისია განსახორციელებლად, ჩვენთვის კი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი სანამ არ მიიღებს სავალდებულო ხასიათს, მანამ ვერ მოვახერხებთ  პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.

არსებული საკანონმდებლო სივრცე, მიუხედავად დეკლარირებული ნებისა, რომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება, ვერ აღწევს მიზანს, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მდგომარეობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად, ნათელია, რომ დასაქმებულთა მაჩვენებელი დაბალია და შეუძლებელია მისი შეცვლა იმ წინაპირობების დაკმაყოფილების გარეშე, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფას, გარემოს ადაპტირება-ხელშეწყობას,დამატებითი მექანიზმების დანერგვას, რაც როგორც საკანონმდებლო რეგულირებაში, ისე სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში უნდა აისახოს.

 

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა